აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თავდაცვის კომპანიებში რუსეთის მხრიდან საბოტაჟის საფრთხეზე განაცხადეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პენსილვანიაში მდებარე სამხედრო ქარხანაში ყოფნის დროს. 24 სექტემბერი, 2024 წელი

დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ამერიკულმა სააგენტოებმა სამხედრო-სამრეწველო სექტორის ამერიკული კომპანიები რუსეთთან ასოცირებული სუბიექტების მიერ საბოტაჟის გაზრდილი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ვებგვერდზე გამოქვეყნდა შეტყობინება, რომელიც თავდაცვის სექტორის კომპანიებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

ამ შეტყობინების ფონია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის სხვა ოფიციალური პირების მუქარები. რუსეთის საშუალო რადიუსის რაკეტა "ორეშკინით" უკრაინაზე საპასუხო დარტყმის შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში, პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას, დაარტყას იმ ქვეყნების სამხედრო სამიზნეებს, რომელთა იარაღს უკრაინელი სამხედროები იყენებენ. ამ ქვეყნებს შორის არის აშშ.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ომის გაფართოების მცდელობად შეაფასა რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენება

სადაზვერვო უწყების თანახმად, რუსულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ თავდაცვის საწარმოების თანამშრომლებს შორის "ინსაიდერების" გადაბირება, ასევე საბოტაჟის ჩასატარებლად მესამე პირების დაქირავება. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები მიუთითებენ დივერსიების იმ სერიაზე, რომელიც ევროპის რიგ ქვეყნებში, სავარაუდოდ, რუსეთთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელდა. "რუსული საბოტაჟის აქტები ევროპაში ზრდის რისკს საზღვარგარეთ და, პოტენციურად, თავად შეერთებულ შტატებში მდებარე ამერიკული კომპანიებისთვის ", - თვლიან სპეცსამსახურები.

რუსმა სამხედროებმა 21 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ უახლესი საშუალო სიშორის სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ გამოიყენეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ბალისტიკურმა რაკეტამ დარტყმა მიაყენა დნეპროპეტროვსკში მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო ობიექტს.

უახლესი რუსული რაკეტები სამიზნეებს წამში 2-3 კილომეტრის სიჩქარით უტევენ, მოწინააღმდეგის ხელთ არსებულ სარაკეტო თავდაცვის სისტემებს კი არ ძალუძთ მათი ჩამოგდება.

ასევე ნახეთ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ უახლესი სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ გამოიყენეს

პუტინის თქმით, რუსეთმა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ კიევის მიერ მის ტერიტორიაზე ამერიკული და ბრიტანული წარმოების რაკეტების გამოყენების პასუხად გამოიყენა.

ცალკე პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს უფლება აქვს, იერიში მიიტანოს უცხო ქვეყნების "სამხედრო ობიექტებზე". თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა თქვა, რომ რუსეთის ქმედებების მიუხედავად, შეერთებული შტატები გააგრძელებს კიევის სამხედრო დახმარებას.