წინააღმდეგობის მოძრაობის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარავი გაშალეს. ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
„ერთად შევთანხმდით, გაგვეკეთებინა პროტესტის ახალი კერა. ეს ადგილი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი არის ახალგაზრდული განათლების კერა და აქ არ შემოუშვეს სტუდენტები და ამავდროულად ვნახეთ, გდდ-ს (შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი) ჯარი როგორ იდგა უნივერსიტეტის ეზოში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ცოტნე ღურწკაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და წარმომადგენელი ორგანიზაციისა „ნება“.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თსუ-ს ეზოში დარჩებიან პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის გარკვევამდე, მოგვიანებით კი გადაწყვეტენ, რა სახე მისცენ პროტესტს.
„ეს იქნება აკადემიური სივრცე, იქნება ლექციები, ჩვენებები, მუსიკალური საღამოები“, - ამბობს ცოტნე ღურწკაია.
სტუდენტების თქმით, კარვის გაშლისას წინააღმდეგობას არ წასწყდომიან. უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე საპროტესტო აქციას არ გამოხმაურებია თსუ-ს ადმინისტრაცია.
ასევე ნახეთ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები გმობენ მშვიდობიანი აქციის დაშლას და თსუ-ს სივრცის ბოროტად გამოყენებას- 14 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად საუნივერსიტეტო სივრცეში დარჩა და ღამე გაათენა. მათ მსგავსად ღამის უნივერსიტეტში გატარება სურდა თსუ-ს სტუდენტთა ერთ ნაწილს. 15 ნოემბერს გვიან საღამოს, თსუ-ს პირველ კორპუსთან ათეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული, მათ ახალგაზრდებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.
- 19 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი თქმით, ასახული იყო, როგორ შედიოდნენ საპოლიციო ძალები უნივერსიტეტის ეზოში გამთენიისას, აქციის დაშლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. თსუ-ში ახალგაზრდებმა შესვლა მოახერხეს 20 ნოემბერს, 02:00 საათზე.
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ. შსს-ს განმარტებით, უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას შემდგე შევიდნენ, რაც აქციის მონაწილეებმა ცეცხლის რამდენიმე კერა გააჩინეს. ამ ინფორმაციის საილუსტრაციოდ ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა სამეთვალყურეო ვიდეოკამერით გადაღებული ვიდეო, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიაწოდა.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა მოითხოვა რექტორის, ჯაბა სამუშიას, როგორც მომხდარზე პასუხისმგებელი პირის, გადადგომა თანამდებობიდან.
- 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას, სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. მათგან სამი მალევე გაათავისუფლეს. დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებოდნენ. ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
- დაკავებულთაგან სამი პირის სასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა 20 ნოემბერს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ერთ-ერთ დაკავებულს 2700- ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ორი დაკავებული კი 8-8 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.
- დაკავებულთა დიდი ნაწილი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.
- 21 ნოემბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული 21 წლის ახალგაზრდის შესახებ.
- 20 ნოემბერს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დროებით დაშლილიყვნენ ახალი გეგმის შესამუშავებლად. ამას წინ უსწრებდა უნივერსიტეტთან ღამენათევი აქციის მონაწილეების იძულებით გადაყვანა პოლიციის მიერ ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირზე 20 ნოემბერს, დილის 6 საათისთვის.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. ამ შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას - ჯამში 61 მანდატი:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი;
- „ძლიერი საქართველო“ – 14 მანდატი;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
ევროკავშირი და აშშ საქართველოს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებას იძიებს საქართველოს პროკურატურა, რომელსაც ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.