„კრიზისი გველის“? - ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ისტორიულად დიდ სესხებს გასცემს

რაზე მეტყველებს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა

ჯერ წინასაარჩევნო პერიოდში, შემდეგ კი პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის საფრთხის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ბანკი სტაბილურად და რეკორდულად ზრდის კომერციულ ბანკებზე გაცემულს სესხებს.

ნოემბრის შუა რიცხვებში სებ-მა ბანკებს 4,95 მილიარდი ლარის ოდენობის რეფინანსირების (ერთკვირიანი) სესხი მისცა.

ანალიტიკოსების თქმით, სწორედ ეს არის ინსტრუმენტი, რითაც ამჟამად, - რუსეთ-უკრაინის ომის დადებითი ეკონომიკური ეფექტის მილევის შემდეგ, - საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს.

და ინარჩუნებს აზრს საზოგადოებაში, რომ ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება (პარალელურად, ლარის კურსის რყევებისგან თავის ასარიდებლად, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის და მარაგებს რეკორდული ტემპით ამცირებს).

მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების გამო რისკავს მაღალ ინფლაციასა და „ინფლაციის სპირალში“ შესვლას, ანუ ეკონომიკურ კრიზისს.

მორიგი რეკორდი

სანამ ტერმინებს განვმარტავდეთ და ავხსნიდეთ, რა რას ნიშნავს, ახალი ამბავი ასეთია:

რეფინანსირების სესხების მოცულობა იზრდება.

2023 წლის ნოემბერში, ყოველკვირა (ხუთშაბათობით), ეროვნული ბანკი 1-1.6 მილიარდი ლარის მოცულობის რეფინანსირების სესხს აძლევდა კომერციულ ბანკებს.

ერთ წლის შემდეგ, 2024 წლის ნოემბერში სესხების მოცულობა თითქმის გასამმაგებულია და 3.85, 3.9 და 3.95 მლრდ ლარს აღწევს.

2022 წელს საშუალო მოცულობა 2.6 მლრდ-ის ფარგლებში მერყეობდა.

წინა წლებიდან დღემდე დინამიკა კი სტატისტიკაში ასე გამოიყურება:

რას ნიშნავს ეს?

ჯერ კვლავ ტერმინებზე:

რეფინანსირება არსებული სესხის ახლით ჩანაცვლებას, ახლით გადაფარვას ნიშნავს.

ამ ტერმინს კიდევ ორი ტერმინი უკავშირდება:

  1. რეფინანსირების სესხი;
  2. რეფინანსირების განაკვეთი.

რეფინანსირების სესხი არის სესხი, რასაც ცენტრალური ბანკი გასცემს კომერციულ ბანკებზე. ეს სესხები შვიდი დღის ვადით გაიცემა.

ამ გზით ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აწვდის ლიკვიდობას, - უხეშად რომ ვთქვათ, „ნაღდ ფულს“.

რეფინანსირების განაკვეთი კი არის ამ სესხების საპროცენტო განაკვეთი.

რაც მეტია განაკვეთი, სესხი მეტად ძვირია, ხოლო რაც უფრო მცირდება, - უფრო იაფი.

ეს ტერმინები და კონცეპტები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მათ პირდაპირი გავლენა აქვთ ადამიანების ყოველდღიურობაზე: ფასების სტაბილურობასა თუ ზრდაზე, ასევე, ეკონომიკურ ზრდაზეც.

როგორ აისახება ხალხსა და ქვეყანაზე?

სქემა ასეთია: ცენტრალური ბანკი მოკლევადიან სესხებს აძლევს კომერციულ ბანკებს და მათ „ნაღდი ფულით“ უზრუნველყოფს.

ამის შემდეგ კომერციული ბანკები სესხებს გასცემენ ეკონომიკაზე - ფიზიკურ პირებზე, შინამეურნეობებსა თუ კომპანიებზე.

უკვე ვიცით, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შემთხვევაში, ლარში გაცემული სესხები იაფდება, ზრდის შემთხვევაში კი - ძვირდება.

თუ საპროცენტო განაკვეთი მაღალია, სესხის აღება ყველასთვის ნაკლებსასურველია.

ასეთ დროს სესხებზე მოთხოვნა მცირდება - და ამ არხით ერთობლივი მოთხოვნა იზღუდება. შედარებით დაბალი მოთხოვნა კი საბოლოოდ ინფლაციას ამცირებს.

და პირიქით: თუ საპროცენტო განაკვეთი დაბალია, სესხებზე მოთხოვნა იზრდება, - ვინაიდან იაფად სესხის აღება მეტად სასურველია.

მოთხოვნის ზრდა, თავის მხრივ, განაპირობებს ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებას.

და, საბოლოოდ, მაღალი ერთობლივი მოთხოვნის პირობებში, ფასები იზრდება და ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება.

როგორია განაკვეთები?

2023 წლის თებერვალ-მარტში რეფინანსირების განაკვეთი ჯერ კიდევ ისტორიულ მაქსიმუმზე იყო - 11%-ზე.

2023 წლის მაისიდან ცენტრალურმა ბანკმა მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო, - ჯერ 0.5 პროცენტული პუნქტით, შემდეგ 0.25-ით.

საბოლოოდ, 2024 წლის ნოემბრისთვის, განაკვეთი 8%-მდეა შემცირებული.

მომდევნო განახლება 18 დეკემბერსაა დაგეგმილი - ამ გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იღებს.

ბოლო ორი წელიწადია, ეროვნული ბანკი „იაფი ფულის“ პოლიტიკაზეა გადასული - სესხებს აიაფებს.

ასევე ნახეთ სებ-ი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დაიწყო - რას ნიშნავს ეს?

რა კავშირშია ეს რეფინანსირების სესხებთან?

თუ რეფინანსირების განაკვეთი მცირდება, ცენტრალური ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის მიცემული ერთკვირიანი სესხები იაფდება.

შესაბამისად, კომერციული ბანკები იღებენ მეტ სესხს და შემდეგ ეკონომიკაზე სესხებს უფრო იაფად გასცემენ.

ეს კი ნიშნავს დაკრედიტების ზრდას.

ამას ეკონომიკის სტიმულირებას, „დაბუსტვას“ უწოდებენ.

ეს ეხმარება ქვეყანას, მოკლევადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს მაღალი ეკონომიკური ზრდა.

მაგრამ ეკონომისტები ამბობენ, რომ ამას რისკები ახლავს - მაღალი ინფლაცია მომავალში.

ეროვნული ბანკის თანახმად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე გავლენას ეტაპობრივად ახდენს და მისი ეფექტი სრულად 4-6 კვარტალში რეალიზდება. ეს ნიშნავს, რომ, პირობითად, დღევანდელი გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი წლიდან წელიწად-ნახევრამდე პერიოდში მოიტანს შედეგებს.

„თუ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მონეტარული პოლიტიკის შედეგია, ეს ნიშნავს, რომ მომავალში მაღალ ინფლაციას მივიღებთ“, - ამბობს ეკონომისტი ეგნატე შამუგია, საქართველოს უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის, „გნომონ ვაიზის“ მკვლევარი.

„და ახლა უკვე საქართველოს ეკონომიკური ზრდა მონეტარული პოლიტიკის შედეგია“, - ამბობს იგი.

2021-22 წლებში საქართველოს ეკონომიკა 10.6 და 11 პროცენტით გაიზარდა.

2021 წლის ზრდის დიდი ნაწილი პოსტკოვიდურ აღდგენაზე მოდიოდა, 2022 წელს კი - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილ ვითარებაზე.

2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, - კვლავ ომის ეფექტების გათვალისწინებით.

2024 წლის პირველ ცხრა თვეში კი ეკონომიკურმა ზრდამ 9.8% შეადგინა.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ:

  • „რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორები მილეულია - ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადები მიილია;
  • მართალია, რჩება მესამე ქვეყნის საშუალებით რუსეთთან ევროპის ვაჭრობის - სადაც საქართველო გამტარია - ეფექტი, მაგრამ ეს ეფექტი ნაკლებია, ვიდრე კაპიტალის ნაკადებისა.
  • ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ 2024 წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ნარჩუნდება.
  • ამავდროულად, გვაქვს დაკრედიტების მაღალი დონე, - რაც მოსალოდნელი იყო იმ პირობებში, რომ მონეტარული პოლიტიკა მსუბუქდება.
  • და სწორედ ეს ხსნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას“.

„თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა: ეს არის მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი. გრძელვადიან პერსპექტივაში, - მაშინ, როცა ეკონომიკური ზრდის მიზეზი არის მონეტარული შემსუბუქება, - მომდევნო წლებში მივიღებთ მაღალ ინფლაციას და ამ ეფექტის მილევას“, - ამბობს ეგნატე შამუგია.

იგი ვარაუდობს, რომ მომდევნო წლებში ფასები გაიზრდება და დადებითი ეფექტი განულდება:

„ეკონომიკური ზრდა და განვითარება შენელდება. ბევრი კომპანია გაკოტრდება, რომელმაც წელს სესხები აიღო. მოკლედ, დღეს მაღალი ეკონომიკური ბუმის გამომწვევი თუ არის მონეტარული პოლიტიკა, - და ეს ასეა, - ხვალ ეს გადაიქცევა რეცესიად. კრიზისად“.

შესაძლოა, უარყოფითი ეკონომიკური ზრდა ეს არ იყოს, მაგრამ ეკონომიკური ზრდის ტემპი თუ 2-3%-მდე შენელდა, განვითარებადი ეკონომიკისთვის ეს, ფაქტობრივად, რეცესიას ნიშნავსო, ამბობს იგი.

კვლავ იმავე ხერხს რომ მიმართონ?

თუკი მონეტარული, ფულად-საკრედიტო პოლიტიკით შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რატომ არ შეიძლება, მომავალ წელსაც იგივე სცადოს ცენტრალურმა ბანკმა?

თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ჩნდება „ინფლაციის სპირალის“ რისკი.

„ეს დაემართა თურქეთს, როდესაც მისი მონეტარული პოლიტიკა ნაკარნახევი იყო პოლიტიკური დღის წესრიგით“, - ამბობს შამუგია.

წლებია, თურქეთი მაღალი ინფლაციის წინაშე დგას.

რეჯეფ ტაიპ ერდოანი, - მეინსტრიმული ეკონომიკური თეორიისგან განსხვავებით, - ამტკიცებდა, რომ ინფლაციას მაღალი რეფინანსირების განაკვეთი იწვევს.

„ერდოანი ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერპრეტირებდა ყურანს, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ბოროტებააო. როდესაც ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ნაჯი აბგალმა 2020 წელს დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, - რადგან მაღალი ინფლაცია ჰქონდათ, - პრეზიდენტმა იგი მოხსნა და დანიშნა ახალი ხელმძღვანელი, რომელმაც დაიწყო კვლავ შემსუბუქება და იმ პოლიტიკის გატარება, რაც მმართველ პარტიას აწყობდა“, - იხსენებს შამუგია.

რეფეჯ ტაიპ ერდოანი

2021 წლიდან ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთის აგრესიული შემცირება გააგრძელა, რასაც მოჰყვა ადგილობრივი ვალუტის, ლირის კიდევ უფრო მკვეთრი გაუფასურება, მწვავე ინფლაცია და ინვესტორთა სკეპტიციზმი.

2022 წლის ბოლოსათვის ინფლაციამ 80%-ს გადააჭარბა, - მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი ნიშნული იყო, ძირითადად სუსტი ვალუტისა და მზარდი იმპორტის ღირებულების გამო.

ერდოანი პრეზიდენტი 2023 წელს მესამე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. 2023 წელსვე, გამარჯვების შემდეგ, ერდოანმა ახალი გუნდი მოიყვანა, რომელთაც კვლავ დაიწყეს რეფინანსირების განაკვეთის აწევა ინფლაციის სტაბილიზაციის მიზნით. ამჟამინდელმა მმართველმა, ჰაფიზე გაიე ერქანმა მაღალი რეფინანსირების განაკვეთის პოლიტიკის გატარება დაიწყო, თუმცა, ამის მიუხედავად, თურქეთს დღემდე უდგას მაღალი ინფლაციისა და შენელებული ეკონომიკური ზრდის პრობლემები.

2024 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 44%-ია, წლიური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი - 3.5%.

ელის იგივე საქართველოს?

საარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს სტაბილურობას ჰპირდებოდა - როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს.

ლარის გაუფასურების რისკი ეროვნული ბანკმა დააზღვია, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს რეზერვები დაახლოებით $630 მილიონით შეამცირა (თავად ეროვნული ბანკი დოლარის გაყიდვის მიზეზად წინასაარჩევნოდ „აჟიოტაჟის პრევენციას“ ასახელებს და ამბობს, საჭირო იყო, „ცალკეული მსხვილი ტრანზაქციების მხრიდან ლარის კურსზე ზეწოლა“ გაენეიტრალებინა).

ასევე ნახეთ საარჩევნოდ სავალუტო რეზერვები რეკორდულად შემცირდა - რას ნიშნავს ეს?

ანალიტიკოსების ამ კრიტიკას განაპირობებს მოსაზრება, რომ „ქართული ოცნებისათვის“ მნიშვნელოვანი იყო, შეენარჩუნებინა გაცვლითი კურსი არსებულ ნიშნულზე, რათა ლარის კურსის შემცირებით მოსახლეობაში უკმაყოფილება არ გამოეწვია, - განსაკუთრებით არჩევნების წინ, როდესაც მოლოდინები ისედაც უარყოფითია.

მსგავსი ლოგიკა ჩანს მონეტარული პოლიტიკის გატარებაშიც.

„მოკლევადიან პერიოდში ხელისუფლება ცდილობს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები შეინარჩუნოს ისე, რომ საარჩევნო პერიოდში არ იყოს დაბალი ეკონომიკური ზრდა და მაღალი ინფლაცია“, - ამბობს ეგნატე შამუგია.

„მონეტარული პოლიტიკა თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური ხელისუფლების მიერ ნაკარნახევი. ნურავინ იქნება ილუზიაში, რომ მონეტარული პოლიტიკური ხორციელდება დამოუკიდებლად, ტექნოკრატიულ, პროფესიულ დონეზე. დიახ, ამას ტექნოკრატები აკეთებენ და ამას პროფესიონალები სჭირდება, მაგრამ მონეტარული პოლიტიკა ჩვენთან არ ტარდება მონეტარულ წესზე დაფუძნებით. ამას კარნახობს პოლიტიკური ხელისუფლება. სხვა ქვეყნებშიც, - მხოლოდ მასშტაბი განსხვავდება. პოლიტიკური მიზანი კი ხელახალი არჩევის ალბათობის გაზრდაა. მმართველ ძალას ნაკლებად აღელვებს, მომდევნო პერიოდში რა იქნება“.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, დასავლეთის მიერ არჩევნების არაღიარების შესაძლო სცენარის შემთხვევაში, მძიმე ეკონომიკური ფასის შესახებ პროსამთავრობო მედიაც ალაპარაკდა.

ასევე ნახეთ რა მოხდება, თუ დასავლეთი არჩევნებს არ აღიარებს?