უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ბრიტანული რაკეტები Storm Shadow რუსეთზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ წერს სააგენტო Bloomberg-ი, ასევე იუწყებიან ბრიტანული The Guardian-ი და BBC.
მედია არ ასახელებს სარაკეტო დარტყმის ზუსტ სამიზნეს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი სამიზნე იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სანატორიუმი კურსკის ოლქში მარინოში. იქ, მიწისქვეშა ბუნკერში, შესაძლოა განთავსებული იყო რუსეთის ჯარების ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი, შესაძლოა იქ იყვნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროებიც, მიიჩნევს უკრაინული გამოცემა Defense Express-ი.
რაკეტა Storm Shadow-ს მწარმოებელი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს ამ ინფორმაციას. პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის წარმომადგენელმა The Guardian-ს განუცხადა, რომ ის არ გააკეთებს კომენტარს ოპერატიულ საკითხებზე.
მანამდე ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონმა არაოფიციალურად მისცა კიევს ნებართვა, გამოიყენოს ეს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. ადრე უკრაინისთვის გადაცემულ Storm Shadow-ს უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე იყენებდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებზე თავდასხმებისთვის.
ასევე ნახეთ რუსეთმა პირველად იგრძნო ATACMS-ის ძალა. კრემლი პასუხს ამზადებს?ამ დღეებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მსგავსი ნებართვა მისცა თავისი ATACMS ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს ღამით 6 ასეთი რაკეტით მიიტანეს იერიში ბრიანსკის ოლქში მდებარე ობიექტზე.