რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ე.წ. უცხოეთის აგენტებს ფაქტობრივად ართმევს ჰონორარის მიღების შესაძლებლობას. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
კანონის თანახმად, „უცხოეთის აგენტები“ სახსრების მართვას მხოლოდ ამ სტატუსის მოხსნის შემდეგ შეძლებენ. მათ ასევე მოეთხოვებათ რუბლის სპეციალური ანგარიშის გახსნა, სადაც შემოქმედებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ჩაირიცხება. თუ ამას თავად „უცხოეთის აგენტები“ არ გააკეთებენ, მაშინ ეს უნდა გააკეთოს იმან, ვინც რიცხავს ჰონორარს. გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს „სასამართლოს გადაწყვეტილებით“ ანგარიშიდან თანხის ამოღებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
წლის დამდეგს რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს და კომპანიებს უკრძალავს ე.წ. უცხოეთის აგენტების საინფორმაციო რესურსებზე რეკლამის განთავსებას, ასევე თავად ამ რესურსების რეკლამირებას.
რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადოს ნებისმიერი, ვინც, მისი აზრით, „უცხოეთის გავლენის ქვეშ“ არის, რაც კანონში ძალიან ბუნდოვნად არის განსაზღვრული. ამისთვის უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიღებაც კი არ არის საჭირო.
პირველი „უცხოეთის აგენტები“ რუსეთში 10 წელზე მეტი ხნის წინ გამოჩნდნენ. მაშინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს იყო უბრალოდ საზოგადოების ინფორმირება, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციამ მიიღო უცხოური დაფინანსება. თუმცა, კანონმდებლობაში მუდმივად ხდება ცვლილებები, რომლებიც ახალ პასუხისმგებლობებს აკისრებს „უცხოეთის აგენტებს“ და მათ პირდაპირ დისკრიმინაციას ახდენს. კერძოდ, 2022 წლის ბოლოდან „უცხოეთის აგენტებს“ ეკრძალებათ სამთავრობო დაწესებულებებში სწავლება, საჯარო ღონისძიებების ორგანიზატორობა, კონტრაქტით ჯარში სამსახური და საარჩევნო კომისიის წევრობა.
ამჟამად „უცხოური აგენტების“ სიაში 400-ზე მეტი პირია.