აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვა გრძელდება, იქნება სხვა სათანადო პოლიტიკური ქმედებები - სახელმწიფო დეპარტამენტი

მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა გრძელდება და ამის ფარგლებში აშშ-სგან კიდევ დამატებითი "პოლიტიკური ქმედებებია" მოსალოდნელი.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვის ახალ, მიმდინარე პოლიტიკაზე მილერს 19 ნოემბერს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხა ჟურნალისტმა ალექს რაიფოღლუმ.

"ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა კვლავ გრძელდება, თუმცა, როგორც იცით, ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება ამ გადახედვის ფარგლებში. ამიტომ ის, რომ ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეა, არ ნიშნავს, რომ არაფერი ხდება.

ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები ამის ფარგლებში და გავაგრძელებთ სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც", - უპასუხა მეთიუ მილერმა.

ასევე ნახეთ აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს
ასევე ნახეთ აშშ ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს “ქართული ოცნების” წევრებსა და დეპუტატებს

23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა".

საქართველოს მმართველმა გუნდმა 2024 წელს მეორედ შეიტანა პარლამენტში წინა წელს ჩაგდებული „აგენტების კანონი“ - სახელის მხოლოდ მცირედი ცვლილებით და იდენტური შინაარსით - და სამი მოსმენით მიიღო.

ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოც და 3 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“.

ასევე ნახეთ სანქციები შტატებისგან: ვინ როდის რას უნდა ელოდოს?