შვედეთში დივერსიაზე ეჭვით იძიებენ ბალტიის ზღვაში კაბელების დაზიანებას

სატელეკომუნიკაციო კაბელის გაყვანა ბალტიის ზღვის ფსკერზე. 12 ოქტომბერი, 2015.

შვედეთის პროკურატურამ ბალტიის ზღვაში ორი კაბელის დაზიანებასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო დივერსიის ეჭვის გამო.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, გამოძიებას ხელმძღვანელობს საერთაშორისო და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული განყოფილების სახელმწიფო პროკურორი ჰენრიკ სედერმანი.

„წინასწარი გამოძიება გრძელდება და ის ადრეულ სტადიაზეა. ამ დროისთვის გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ არის“, - განაცხადა სედერმანმა.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი დაზიანდა. ერთი გერმანიას ფინეთთან აკავშირებს, მეორე - შვედეთს ლიეტუვასთან.

გერმანიის საპორტო ქალაქ როსტოკთან ჰელსინკის დამაკავშირებელმა კაბელმა მუშაობა შეწყვიტა ორშაბათს დილით, განაცხადა ფინეთის სახელმწიფო კიბერუსაფრთხოებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანია Cinia-მ. დაახლოებით სამი საათის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა შვედეთის კუნძულ გოტლანდთან ლიეტუვის დამაკავშირებელი საინტერნეტო კაბელი, იტყობინება ლიეტუვის კომპანია Telia Lietuva.

ფინეთმა და გერმანიამ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი „ღრმად შეშფოთებული არიან წყალქვეშა კაბელის გაწყვეტით“ და იძიებენ „ინციდენტს, რაც ბადებს განზრახ დაზიანების ეჭვს“.

წელს ზამთარში გაწყდა ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროკაბელი. 2023 წლის ოქტომბერში დაზიანდა ფინეთთან და შვედეთთან ესტონეთის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო კაბელები. იმავე დროს დაზიანდა გაზსადენი Balticconnector. მოგვიანებით, ჩინეთმა განაცხადა, რომ Balticconnector-ის დაზიანება გამოიწვია ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, რომელიც ქარიშხლის დროს გაზსადენს ღუზით გამოედო, აღნიშნა გამოცემა The Insider-მა.