19 ნოემბრის დილას აქციაზე დაკავებული სამი დემონსტრანტი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ეკა ქობესაშვილმა.
როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება, სამივე მათგანი ლაპარაკობს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებასა და არაკანონიერ დაკავებაზე:
„დაკავებისას ამ ადამიანებს არ განუმარტეს, რისთვის აკავებდნენ. დაკავების ყველანაირი უფლება და წესი იყო დარღვეული პოლიციის მხრიდან.
ლაპარაკობენ, რომ დაკავება მოხდა ძალადობის გამოყენებით. ერთ-ერთ დაკავებულს გაუსწორდნენ ფიზიკურად, რომელიც, რა თქმა უნდა, აცხადებს პრეტენზიას და ჩვენ უკვე მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ასევე მივმართეთ სახალხო დამცველსაც“, - ამბობს ეკა ქობესაშვილი.
19 ნოემბერს დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოინახულეს სხვა იურისტებმაც. ისინი რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ დემონსტრანტების უმეტესობა სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ლაპარაკობს.
ასევე ნახეთ „დაკავებულებს პოლიციის მანქანაშიც გაუსწორდნენ“ - რას ჰყვებიან იზოლატორიდან გამოსული ადვოკატებირამდენმა დაკავებულმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, უცნობია.
რადიო თავისუფლებამ ინფორმაციის გადამოწმება სცადა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
19 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი 14 დემონსტრანტი და აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, კლინიკაში გადაყვანილი ორი პირი.
როგორც სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მათგან 10 ამბობს, რომ არიან სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლი.
"სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება - ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად.
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცა, რომელშიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია ასახული", - წერია განცხადებაში.
აქციებზე დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების ფაქტებზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულზე, აპრილსა და მაისში, აქვს გამოძიებები დაწყებული. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე, მაშინ აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.
დაკავებულებიდან ნახევარზე მეტი მიუთითებდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე. მათ შორის რამდენიმეს კლინიკაში მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჯამში 138 შეტყობინება შევიდა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.
გამოძიებას, შვიდის თვის თავზე, ჯერ არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია, რომლებმაც სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს აქციის მონაწილეების მიმართ.
19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.
პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა (მუხლი 173) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (მუხლი 166) 19 ნოემბერს დაკავებულია 16 პირი. მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.