რუსეთში სერიულად აწარმოებენ ბირთვული იარაღისგან დამცველ მობილურ თავშესაფრებს

ბირთვული იარაღისგან დამცავი მობილური თავშესაფრის მოდული. ნიჟნი-ნოვგოროდი, 19 ნოემბერი, 2024.

რუსეთში პირველად დაიწყო მობილური თავშესაფრების მასობრივი წარმოება, რომლებიც უზრუნველყოფს დაცვას სხვადასხვა საფრთხეებისგან, მათ შორის ბირთვული აფეთქებისგან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების პრობლემათა სრულიად რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

კონსტრუქციის შემქმნელის პრესრელიზის თანახმად, მობილური თავშესაფრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხალხის დასაცავად სხვადასხვა საფრთხისგან, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფებისგან, ბირთვული აფეთქების გამოსხივებისგან და ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურებისგან.

როგორც „კომერსანტი“ აღნიშნავს, ინსტიტუტის მიერ თავშესაფარ Kub-M-ის შექმნის შესახებ ცნობილი გახდა 2023 წლის ბოლოს.

მობილური თავშესაფარი იწარმოება ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში. სტანდარტული კონფიგურაცია მოიცავს ორ მოდულს: შენობას 54 ადამიანისთვის და ტექნიკურ ბლოკს. თავშესაფარი შეიძლება გადატანილ იქნეს სხვა ადგილას და დაუკავშირდეს არსებულ კომუნალურ სისტემებს. აღნიშნულია, რომ Kub-M-ის წარმოება და მონტაჟი მუდმივი თავშესაფრის მშენებლობაზე ორჯერ უფრო იაფია, ხოლო მისი დამზადებისა და მონტაჟის ვადა არაუმეტეს სამი თვისა.

ასევე ნახეთ პუტინმა დაამტკიცა რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ როგორც ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ისე კრემლის მომხრე მოღვაწეები და პუბლიცისტები ხშირად ლაპარაკობენ ბირთვული დარტყმების ან კონფლიქტის ბირთვულ ომში გადაყვანის შესაძლებლობაზე. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ არ გამოუთქვამს ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა, მაგრამ მან არაერთხელ ახსენა ეს შესაძლებლობა რუსეთის „ტერიტორიული მთლიანობისთვის“ საფრთხის შემთხვევაში (რუსეთის ხელისუფლების გაგებით, ეს მთლიანობა ასევე ვრცელდება ზოგიერთ უკრაინულ ტერიტორიაზეც).

უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მალევე პუტინმა ბრძანა ბირთვული ძალების მაღალ მზადყოფნაში მოყვანა. შარშან რუსეთმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღი განათავსა. მან ასევე შეაჩერა მონაწილეობა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის ხელშეკრულებაში და დენონსირება გაუკეთა შეთანხმებას ბირთვული გამოცდის ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ.

ასევე ნახეთ საქართველოში დევნილი უკრაინელების ისტორიები - ომის 1000 დღე
ასევე ნახეთ შეცვლის თუ არა უკრაინის ომში ძალთა ბალანსს ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა?