რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგომას დასთანხმდა. მისი პრესსამსახურის მიერ დღეს, 19 ნოემბერს, გავრცელებული განცხადების თანახმად, ბჟანიამ გადადგომა გადაწყვიტა „ქვეყანაში სტაბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით“.
აფხაზეთის "პარლამენტი" გადადგომის შესახებ ასლან ბჟანიას განცხადებას დღეს განიხილავს.
ბჟანიას გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ წინ უძღოდა დე ფაქტო ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომელიც 18 ნოემბერს, საღამოს დაიწყო და რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანია თანახმაა გადადგეს, 19 ნოემბერს კი ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ ამ ტერიტორიაზე 15 ნოემბრიდან მყოფმა მოქალაქეებმა. თუ ეს პირობა არ შესრულდება, ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას გადადგომის შესახებ.
ასევე ნახეთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება ოპოზიციის მოქმედებას "გადატრიალების მცდელობას" უწოდებსსოხუმში ვითარება 15 ნოემბერს დაიძაბა. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და დე ფაქტო პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.
15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტს უნდა განეხილა ადგილობრივი ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის გამომწვევი, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. ეს შეთანხმება რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და არაერთ შეღავათს.
საპროტესტო აქციის გამო ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მზადდება დოკუმენტი სადავო კანონპროექტის გასაწვევად და ამის მიზანი ვითარების სტაბილიზაციაა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდაჭერები დე ფაქტო პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ და ბჟანიას გადადგომა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს.