ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში, მედიასთან ამბობს, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება შესაძლოა სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს. ევროკავშირს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს შესახებ მსჯელობას აპირებს და ეს შეთავაზება ევროპელმა პოლიტიკოსებმა, შესაძლოა, დღესვე განიხილონ.
"საქართველოს საკითხს დღეს განვიხილავთ. მე ვთავაზობ იმ დახმარების პროგრამების შეწყვეტას, რომლებიც მიდის საქართველოს მთავრობასთან. 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობისთვის მიწოდების ნაცვლად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიიღოს. ანუ ამ თანხას ავიღებთ, დაახლოებით €100 მილიონს, და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა მხარი დავუჭიროთ მათ სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში", - თქვა ჟოზეპ ბორელმა ჟურნალისტების მიერ საქართველოზე დასმულ კითხვებზე პასუხად. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი კვლავ განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.
"გაწევრიანების პროცესი წყდება, შეჩერებულია მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ დაუბრუნდება [ევროპულ] გზას. იმისთვის, რომ ამ გზას დაუბრუნდეს, ბევრი რამე უნდა შეიცვალოს და მანამდე ჩვენ მთავრობისთვის გამოყოფილ თანხას გამოვიყენებთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან", - თქვა ბორელმა.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციის დასუსტება მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი განვითარებისთვისევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვამდე გასაჯაროვდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის ქართველი ოპოზიციური პარტიების მიერ გაგზავნილი წერილი.
ამ წერილით, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს 26 ოქტომბრის არჩევნებში, ევროკავშირს მოუწოდებენ, არ აღიაროს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად შემდეგი ნაბიჯები გადადგას:
- ჩაატაროს გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და არჩევნებში როგორც შიდა, ასევე გარე ჩარევასთან დაკავშირებით.
- მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ მოიწვიოს პარლამენტი მანამ, სანამ გამოძიება და შეფასება არ დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის სხდომა მაინც გაიმართება, პარლამენტიც და მთავრობაც, რომელსაც პარლამენტი გამოუცხადებს ნდობას, არალეგიტიმურად ჩაითვალოს.
- დეკლარირება მოახდინოს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნების გამო.
- შეაჩეროს ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან.
- შეაჩეროს ხელისუფლების დაფინანსება (დაახლოებით 120 მილიონი ევრო), სანამ არჩევნების გამოძიების შედეგები ცნობილი არ იქნება და სანაცვლოდ ევროკავშირმა აღნიშნული დაფინანსება გამოუყოს არასამთავრობო სექტორსა და თავისუფალ მედიას.
წერილში ოპოზიციური პარტიები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნა არის 2025 წელს ხელახალი არჩევნების ჩატარება გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოთი, პოლიტიკურად ბალანსირებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით.
ასევე ნახეთ გვარამიას თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს სიგნალი მოლაპარაკებაზე"თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს. ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს", - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ევროკავშირისთვის ქართველი პოლიტიკოსების მიერ გაგზავნილ წერილს.
ევროკავშირის პოზიციით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია საქართველოში ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამო კანონების მიღებისა და ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
- 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ევროკავშირში მისი გაწევრიანების პროცესი “დე ფაქტო შეჩერდა”.
- 2024 წლის 17 ოქტომბერს კი ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და მოუწოდა საქართველოს, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისია.
ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის შეჩერების ნაწილია ასევე ფინანსური დახმარებების და ერთობლივი პროექტების შეწყვეტა სახელმწიფო სტრუქტურებთან.
ასევე ნახეთ კრიზისი გარდაუვალია - პარლამენტის პირველი სხდომისა და OSCE/ODHIR-ის დასკვნის მოლოდინში