რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა - იუწყება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 17 ნოემბერს. რუსეთის დრონების და რაკეტების სამიზნე იყო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა და სხვა სამოქალაქო ობიექტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით - რის გამოც მეზობელი პოლონეთი იძულებული გახდა მობილიზაციაში მოეყვანა საბრძოლო თვითმფრინავები.
"რუსეთმა განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა: დრონები და რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების, მძინარე სამოქალაქო პირების, კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ეს არის ომის დამნაშავის, [პრეზიდენტ ვლადიმირ] პუტინის პასუხი ყველას, ვინც მას ახლახან დაურეკა და ესტუმრა. ჩვენ მშვიდობა გვესაჭიროება სიძლიერით და არა დაშოშმინებით" - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა პლატფორმაზე X.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 120-მდე რაკეტა და 90-მდე დრონი. "მტრის სამიზნე იყო ჩვენი ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა მთელი უკრაინის მასშტაბით. სამწუხაროდ, ობიექტებს ზარალი მიადგათ დარტყმებით და ჩამოვარდნილი ნატეხებით" - წერს ზელენსკი სოციალური მედიით.
17 ნოემბერს დილით კიევში, ოდესაში, ზაპოროჟიესა და სხვა ქალაქებში ისმოდა აფეთქებების ხმა. რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე იყო ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა უკრაინის მასშტაბით, რის გამოც ელექტროენერგია პრევენციულად გაითიშა - ამბობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, ჰერმან ჰალუშჩენკო.
რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით დაწყებული ომი მე-1000-ე დღეს უახლოვდება. რუსეთი იყენებს იარაღის და ადამიანური ძალების დიდ რესურსს საიმისოდ, რომ მცირე, მაგრამ სტაბილური ტერიტორიული წინსვლა ჰქონდეს უკრაინის ტერიტორიაზე, რომლის დაახლოებით მეხუთედსაც ის უკვე აკონტროლებს.
უკრაინა ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს დანაკარგები, შეინარჩუნოს საბრძოლო განწყობა და მოკავშირეები დაარწმუნოს, რომ მისთვის მეტი სამხედრო დახმარების მიწოდების შემთხვევაში ის შეძლებს ვითარების შეცვლას.
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ ის შეძლებს ომის სწრაფად დასრულებას - თუმცა რა გზით, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია.
16 ნოემბერს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოთა ჯგუფმა, დიდმა შვიდეულმა (G7) კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯგუფის წევრები "მყარ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება", მის ბრძოლაში იქ შეჭრილი რუსეთის ძალების წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ ზელენსკი: პუტინი არა მოლაპარაკებით, არამედ საკუთარი იზოლაციის დასრულებითაა დაინტერესებული