სოხუმში ჩავიდა ბატალიონ „პიატნაშკას“ მეთაური ახრა ავიძბა

ახრა ავიძბა

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, უკრაინაში მეძრძოლი ბატალიონის „პიატნაშკას“ მეთაური ახრა ავიძბა.

17 ნოემბერს დილით ავიძბამ ფეისბუკის ლაივი ჩართო, რომელშიც ჩანდა სოხუმისკენ მიმავალი გზა, თვითონ ავიძბა კადრში არ გამოჩენილა, ავტომობილში ისმოდა სიმღერა „აქ მუშაობს „პიატნაშკა“ ძმებო“.

მოგვიანებით ავიძბამ მოკლე პოსტი გამოაქვეყნა „აფსნი“, შემდეგ კი გამოცემა „Газета.ру“-ს კომენტარი მისცა

„წამოვედი ხალხის მხარდასაჭერად, რადგან სულ გვასწავლიდნენ - სადაც სამზე მეტი აფხაზი დგას, ყოველთვის მიდი და ჰკითხე რა და როგორაა, ამიტომ ჩამოვედი, რომ ჩემს ეთნოსთან ერთად ვიდგე და აღვკვეთო რაიმე ცუდი ამბავი“, - თქვა ავიძბამ.

მისი თქმით, არ აპირებს „აფხაზეთის პრეზიდენტის“ პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენებას.

„არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ, რადგან ხალხისგან ასეთი ამოცანა არ მიმიღია, რომ ამ სახით წარმოვადგენდე მათ“, - განაცხადა მან.

ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა ტელეგრამის არხზე დაწერა:

„ეს კვირა აშკარად პრეზიდენტ ასლან ბჟანიას აღდგომის წინააღმდეგია, აფხაზეთში ჩამოვიდა მისი არაკეთილმოსურნე, „პიატნაშკას მეთაური ახრა ავიძბა, რათა, როგორც თვითონ ამბობს „ხალხის გვერდით“ იყოს.

2020 წელს ზუსტად ავიძბა ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის სასახლის შტურმს, რომლის შედეგადაც ძალაუფლება ასლან გეორგიევიჩის ხელში აღმოჩნდა.

დროის შემდეგ ამ დამსახურებისთვის „მადლობის ნიშნად“ პრეზიდენტმა ავიძბა დააკავა, და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გზით გათავისუფლდა, მსგავსი წყენა ნამდვილად არ დავიწყებია“.

მესამე დღეა ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივ ოპოზიციას ე.წ. სამთავრობო კომპლექსი აქვს დაკავებული და ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვს.

  • ახრა ავიძბა 2014 წლიდან მონაწილეობს დონბასში საომარ მოქმედებებში. მას „დნრ-ის" გმირის სტატუსი აქვს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა 2021 წლის იანვრის ბოლოდან ძებნილად გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბამ (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას, "საერთაშორისო ბრიგადა პიატნაშკას".
  • ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში იმ პოლიტიკური კრიზისის აქტიური მონაწილე იყო, რომელიც „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯინბას გადადგომით დასრულდა. ახრა ავიძბას ოპოზიციაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში მისი ბიძაშვილის, „კანონიერი ქურდის“, ალხაზ (ხასიკ) ავიძბას მკვლელობა გახდა.
  • 2020 წლის ივნისში, ავიძბა დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. იმავე წლის 9 ნოემბერს, მან განცხადება დაწერა გადადგომის შესახებ და მიზეზად „საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა“ დაასახელა.
  • 2021 წლის 4 მარტს ავიძბა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს დონეცკელ მეგობრებთან ერთად. მათ ბრალად ედებოდათ პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით იარაღის უკანონო შენახვა-გასაღება. „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიძბა და მისი დაცვის წევრები "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გეგმავდნენ“. თუმცა, ავიძბასთვის ამ მუხლით ბრალი არ წაუყენებიათ. ივნისში მას პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
  • 2022 წლის სექტემბერში ავიძბა ირწმუნებოდა, რომ არ გაუშვეს რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. მოგვიანებით მან მოსკოვში ჩასვლა შეძლო, სადაც შეხვდა პარტიის - „სამართლიანი რუსეთი - უფლებისთვის“ - ლიდერს, სერგეი მირონოვს და სიტყვით გამოვიდა კონცერტზე სახელწოდებით: „ჩვენებს არ ვტოვებთ“. 29 სექტემბერს ახრა ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.