აფხაზური ოპოზიცია "სამთავრობო კვარტლის" ღობის დე ფაქტო საზღვარზე გადატანას აპირებს

სოხუმში ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარშემო მოხსნილი ღობე

აფხაზური ოპოზიცია ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარეშემო მოხსნილი ღობის განთავსებას აპირებს დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარზე.

ამის შესახებ ადგილობრივმა ოპოზიციონერმა კან კვარჩიამ განაცხადა.

„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სასაზღვრო სამსახური გავაფრთხილეთ, თუ საშუალება აქვთ, ყველაფერი ნაზად უნდა შეგროვდეს... ჩვენ ვაპირებთ ოფიციალურად გადავცეთ“ - თქვა კვარჩიამ.

ასევე ნახეთ რუსეთთან ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა პროტესტი სოხუმში

15 ნოემბერს „რუსეთ- აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილმა ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარშემო არსებული ღობე მოარღვია, ტერიტორიაზე შეაღწია და დაიკავა ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები.

დღეს 17 ნოემბერს კი ოპოზიციის მომხრეებმა დაიწყეს, დე ფაქტო მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ღობის დემონტაჟი.

ასლან ბჟანია დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის მზადყოფნას აცხადებს, მას შემდეგ რაც დემონსტრანტები ე.წ. სამთავრობო კომპლექსს დატოვებენ, აქციის მონაწილეები კი მის უპირობო გადადგომას მოითხოვენ.