ასლან ბჟანია: "გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა, მაგრამ შეიძლება სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ"

ასლან ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესთან“ კომენტარი გააკეთა სოხუმში შექმნილ ვითარებაზე.

„არაფერი გამოუსწორებელი ჯერ არ მომხდარა. ჩვენ უნდა გავჩერდეთ, დავისვენოთ და კარგად დავფიქრდეთ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ნათელია. ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა ბჟანიამ.

გამოსავლის გზად კი დე ფაქტო პრეზიდენტი ასახელებს აქციის მონაწილეების მიერ ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის დატოვებას, რის შემდეგაც, მისი სიტყვებით, ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. პარლამენტი შესაბამის ნორმატიულ აქტებს მიიღებენ.

„დაინიშნება არჩევნები“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ და დასძინა, რომ ის მზად არის გადადგეს და არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში მივიდეს.

„ჭეშმარიტი საზომი, თუ ვის მხარესაა ხალხი, არჩევნებია. არჩევნები აჩვენებს, თუ ვინ უნდათ პრეზიდენტად აფხაზეთის მრავალეროვან ხალხს. ეს არის გამოსავალი. არ არის გვიანი ამ გამოსავლით სარგებლობა“, - განაცხადა ბჟანიამ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რესპუბლიკის მოსახლეობას „არ აჰყვნენ პროვოკაციებს“.

„ნუ მიიღებთ მონაწილეობას უკანონო და არასანქცირებულ აქციებში. ახლა ეს არ გვჭირდება. ახლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოზე. ის საფრთხეშია. ჩვენი სამშობლო გადატრიალების მცდელობის შედეგად ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. არ არის გვიანი ყველაფრის უკან დაბრუნება“.

ასლან ბჟანიამ აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ე.წ. მთავრობის შენობის კომპლექსის დაცლისკენ. ოპოზიცია მის უპირობო გადადგომას ითხოვს. დღეს, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე სკვერში საყოველთაო შეკრებაა დაგეგმილი, სადაც საკოორდინაციო საბჭო გააკეთებს განცხადებებს დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და შემდგომ ქმედებებზე.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებმა სამხედრო ტექნიკა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაუბრუნეს