შაბათიდან, 16 ნოემბრიდან, რუსული სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" ავსტრიისთვის გაზის მიწოდებას აჩერებს. ამის შესახებ რუსულმა კომპანიამ ავსტრიის ნავთობისა და გაზის მარეგულირებელ OMV-ს აცნობა.
Reuters-ის ინფორმაციით, "გაზპრომსა" და ავსტრიელ მომხმარებლებს შორის განხეთქილება უკვე დიდი ხანია მწიფდება. ავსტრია რუსულ გაზს "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენის მეშვეობით იღებდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გაზის მიწოდებაში შეფერხებებმა იჩინა თავი. კომპანია OMV-მ "გაზპრომის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა საერთაშორისო არბიტრაჟში განსახილველად და 243 მილიონ ევროზე მეტი ზიანის კომპენსაციას მიაღწია. გარდა ამისა, ავსტრიის გაზის ქსელის ოპერატორებსა და "გაზპრომს" შორის ხელშეკრულება 2024 წლის სექტემბერში დასრულდა.
კომპანია OMV-მ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან შეწყვიტონ რუსული გაზის იმპორტი და შეუძლიათ შეცვალონ იგი იტალიიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდიდან, ასევე სხვა მომწოდებლებისგან შეძენილი ბუნებრივი აირით.
- ავსტრია ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელიც კვლავაც რუსულ გაზზეა დამოკიდებული. ავსტრიას რუსეთის ბუნებრივი აირი მიეწოდება გაზსადენების მეშვეობით, მათ შორის - უკრაინის ტერიტორიის გავლით. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ, "გაზპრომთან" ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.
ასევე ნახეთ რატომ არ წყდება რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდება უკრაინის გავლით?