ოკუპირებულ აფხაზეთში "პრეზიდენტის" გადადგომის საკითხს განიხილავენ, ოპოზიციის ჩართულობით

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები მართავენ შეხვედრას ოპოზიციასთან - თუ ვინ იქნება ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ასლან ბჟანიას შესაძლო გადადგომის შემდეგ. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კან კვარჩია აცხადებს.

ე.წ. ხელისუფლება ოპოზიციას ამ ფუნქციის შემსრულებლად სთავაზობს „ვიცე-პრეზიდენტ“ ბადრა გუნბას, ხოლო "პრემიერ-მინისტრის" პოსტზე ოპოზიციის წარმომადგენელის დანიშვნას.

"ეხო კავკაზას" ცნობით, ოპოზიციას თავისი წინადადება აქვს და ორ ვარიანტს განიხილავს:

  • ან "პრეზიდენტი", "ვიცე-პრეზიდენტი" და "პრემიერი" გადადგებიან და "პრეზიდენტის" ფუნქციებს, ახალ "არჩევნებამდე" - "პარლამენტის თავმჯდომარე" - ლაშა აშუბა შეასრულებს;
  • ან "პრეზიდენტი", "ვიცე-პრეზიდენტი" და "პრემიერი" გადადგებიან და გადადგომის წინ, ასლან ბჟანია "პრემიერად" დანიშნავს "კომპრომისულ ფიგურას" და ის შეასრულებს "პრეზიდენტის" მოვალეობასაც.

15 ნოემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, მოვლენები მოულოდნელად სწრაფად განვითარდა, როცა ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დღის მეორე ნახევარში, ისინი ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. იყო მცირედი დაპირისპირება, მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, მაგრამ შემდეგ - ძალოვნებს მათთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ.

აქცია ე.წ. პარლამენტის შენობასთან, 15 ნოემბერს, დილიდან იმართებოდა - როცა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება იყო დაგეგმილი. საკითხის განხილვა ჩაიშალა. დღის წესრიგში საკითხის შესატანად, ე.წ. დეპუტატების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა და სესია არ შედგა.

გავრცელებული ცნობებით, სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი ავტომობილით გაანგრიეს და ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე ამ გზით შეიჭრნენ. რკინის ზღუდე მათ რამდენიმე ადგილას გაარღვიეს. როგორც იუწყებიან, ამჟამად, ბჟანიას მიერ აღმართული ჭიშკარი საერთოდ მოხსნილია, ე.წ. სამთავრობო შენობების გარშემო და ხალხი თავისუფლად გადაადგილდება.

დღის პირველ ნახევარში, აქციის მონაწილეები სოხუმისა და მოსკოვის საინვესტიციო ხელშეკრულების საბოლოოდ ჩაგდებას მოითხოვდნენ; ხოლო დღის მეორე ნახევრიდან, მათი მთავარი მოთხოვნა - ე.წ. პრეზიდენტის უპირობო გადადგომა იყო.

ასევე ნახეთ ანექსიის მცდელობას ამას ვერ დავარქმევდი - პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაზე