ამ გადაწყვეტილებით დასრულდა სასამართლო დავა შიდა სასამართლოებში და უახლოეს პერიოდში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია, საბოლოოდ შეაჯამოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები.
სააპელაციო სასამართლოს სხოდმა, მხარეთა მონაწილეობის გარეშე, დღეს, 15 ნოემბერს, 16:00 საათზე დაიწყო.
საქმე განიხილა მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ ონიანის, ილონა თოდუასა და ნანა ჭიჭილეიშვილის შემადგენლობით.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა, ენახა, „რამდენად სამართლიანია მოსამართლე, როგორ კითხვებს სვამს და მტკიცებულებებს იკვლევს თუ არა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 13 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ - ანუ პირველი ინსტანციის სასამართლომ - არ დააკმაყოფილა სამი მომჩივანის სარჩელები. ესენი იყვნენ პარტიები - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“, და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
ისინი საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას მოითხოვდნენ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს.
ამავე აზრზე არიან ოპოზიციური პარტიები „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“.
პარტიები ასევე მიუთითებენ, რომ არჩევნებზე იყო სხვა დარღვევებიც: მოსყიდვა, დაშინება, დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლა.