ავტორი: მიშო სორდია
დიდი ხეების ქვეშ, არსებობს ნაზი სიმსუბუქე, რომელიც ადამიანებს თავს აგრძნობინებს არა მნიშვნელოვან არსებებად, დომინანტებად, არამედ სრულ სიცარიელედ, მტვრად, რომლის ენერგიაც გარშემო იფანტება. განსხეულება ქრება. რჩება მხოლოდ ფერფლი და ისიც ამ უზარმაზარი ხეების სასუქად იქცევა.
რა უცნაურია.
უცხო ქვეყნებში, მიუსაფარ მდელოებზე, ყვავის მსგავსად მაფრინდება სამშობლოზე ფიქრი, არა სიყვარულის ან მონატრების გამოვლინებად, არამედ შორეული, შეუცნობი მატერიის მსგავსად. ბზინავს, ყურადღების მიქცევას ცდილობს, სურს გამიღვივოს ახლიდან საკუთარი გული, შესაძლებლობები. სურს დამანახოს საკუთარი ქვეყანა, ხალხი, მიცვალებულები სხვა რაკურსით, სევდის გარეშე. გამალებით ცდილობს გრილი ნიავივით შემოიტანოს ჩემში ანალიზის უნარი, გადაფასებების სუპერ ძალა, მაგრამ მე მიუნხენის ცენტრში, ულამაზეს სკვერში გაგორებულს მხოლოდ იმაზე მეფიქრება, თუ როგორ დაძრწიან მიწისქვეშეთში მწკრივებად ობოლი ჭიანჭველები, ვცდილობ თვალები ძლიერად დავხუჭო, წარმოვიდგინო, გეომეტრიული სიზუსტის მინიატიურული დაქსელილი გამოქვაბულები, ერთმანეთში გადახლართული გაყვანილობები, სტრუქტურულად დალაგებული. ვცდილობ გამოვიცნო მათ სახლებში დაბუდებული სუნი. მსურს შევიჭყიტო მათ ყოველდღიურობაში, დავინახო პატარა მუნჯი არსებების დროება. ჯგუფ-ჯგუფად, როგორ დახეტიალობენ უსიტყვოდ ასრულებენ თავიანთ დანიშნულებას. წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ რა არის სირცხვილი, სინანული, ღალატი, სამშობლო ან ცოდვა. ისინი ბუნებასთან ერთად დიდ საქმეებზე დახეტიალობენ, ჩუმად. არავის აწუხებენ. ხარისხზე არ ფიქრობენ, ვიზუალი არ აინტერესებთ, მათ ეს დასანახად არ სჭირდებათ, ეს მათი ცხოვრებაა. სოციალური მოძრაობა საერთო კეთილდღეობისთვის, მხოლოდ ასე შეუძლიათ გადარჩნენ.
ლიმონივით მიმჟავდება სხეულში სიმსუბუქე. გადახურებულ და დაჭმუჭნილ სახეს მზის "პერედოზი" აქვს. ვცქმუტავთ, ვსაუზმობთ. ბნელ გარეუბნებში მოციმციმე გაცრეცილი ყვითელი ფერის ლამპიონივით ვასულდგმულებ საკუთარ სხეულს, თითქოს ვადა გაუვიდა, ვცდილობ რაც შეიძლება დიდხანს გავაქაჩინო. ორ გერმანელ ქერა ბავშვს ვუყურებ, ვფიქრობ ჩემთვის, ნეტავ თუ გაუგიათ ფერადი უღიმღამოდ შეკერილი უფორმო ლეიბის შესახებ ? რომ არსებობს სამყაროში რაღაც მსგავსი, რაც როგორც წესი უხარისხო მატრასის ან საერთოდაც მატრასის არ ქონის შემთხვევაში ეფინება მეტი სირბილისთვის,ზოგჯერ რამდენიმე ერთად. ნეტავ ის მაინც თუ იციან, რომ მსოფლიოში ჩვენ შემოვიღეთ ბოთლების ჩაბარების კულტურა? რა თქმა უნდა არა გარემოს დაცვის ან გადამუშავების და ხელახლა გამოყენების მიზნით, არამედ უბრალოდ გაჭირვების ჭამს ფულის შოვნისთვის, დღემდე არ ვიცი სად ჯანდაბაში მიჰქონდათ ის ბოთლები. სენდვიჩი გადმომაწოდეს, ქათმის ფილის გატენილი, ვცდილობ სხვა მრავალი ინგრედიენტი გამოვიცნო, მაგრამ ისევ ჭიანჭველებზე მეფიქრება, " ნეტავ ხეების ქვეშ გავლისთვის სპეციალური ნებართვები, ხომ არ სჭირდებათ? ადამიანებზე ანეკდოტებს უყვებიან თუ არა ერთმანეთს? "
იქვე ცაცხვის ქვეშ, უსახონი სხედან. ნომერი ერთი და ნომერი ორი. ისინი სულ სიახლოვეს არიან. მესმის, როგორ ხითხითებენ. თითებს ჩემკენ იქნევენ, ბჟირდებიან, ერთმანეთს უტყაპუნებენ, ანიშნებენ ჩემზე.
ვცდილობ ბალახს ჩავჭიდო ხელი და წამოვდგე, უეცრად ტელეფონის ზარია, ძველებური, მონოტონური, მძიმე, უხეში. ვხდები რომ ვიბრაცია მიწიდან ამოდის, დახშულად, მეუცნაურა , გარემოს ვაკვირდები, საკუთარს სხეულის შეგრძნების დაბრუნებას ვცდილობ, ყველაფერი გაშეშებულია, იმუხტება ჩემში სიგიჟე. ყურს ვადებ მწვანე საფარს. გამძაფრდა ხმა, ხელს ვაცეცებ, ვცდილობ მოვიქექო მიწაში,
უეცრად ხმა მკაფიოდ ისმის. ტალახიან და ცვრიან ყურმილს ვიღებ, სულს ვუბერავ, ვპასუხობ.
აღელვებული უცნობი საუბარს მიწყებს : " ვინმემ გადატვირთეთ! გადატვირთვა სჭირდება რეალობის და სიზმრების მყარ დისკს! უკვე წლებია, ერთ და იმავე რეალობას მაჩვენებენ. თითქოს კოდირებული კიბერრობოტი ვიყო და ჩემს მეხსიერების ჩიპში მხოლოდ ერთი ვიზუალური ვიდეოა. დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე ეგუები ერთ სივრცეს და ბედნიერებისგან ხტუნავ, რადგან არც კი იცი, ამის გარდა თუ არსებობს სხვა რამ, სხვა ჩიპები, სხვა კიბერ სამყაროები. შენთვის ზუსტად არჩეული სიმულაციური ოთახია გამოყოფილი. მორგებული შენს კოდზე. არც კი ცდილობ გაარღვიო, რადგან სინათლის გამოცლამდე გაშინებს ის აზრი, რომ ამ კომფორტს მოგწყვეტენ და ჩაგაგდებენ ალტერნატიულ ქაოსში, სადაც კონკურენციას ვეღარავის გაუწევ, სიმყარეს დაკარგავ, ფუჭად დაიღვრება შენი ნაქები განათლება. იბრძოლე, სანამ ჩაგესმის ხმაური, არ შეეგუო ნეხვით სავსე სიმფონიურ ეკრანზე წამოჭიმულ ფერებს, სიდუხჭირის სიმშვიდეს, სტაბილურობას, კმაყოფილების ფორსირებულ შეგრძნებებს! "
აღელვება, ცახცახში გადამივიდა, მთელი ძალით ვცდილობ თვალები გავახილო და არ გამომდის, თითქოს დავკარგე უნარი ვმართო საკუთარ სხეული. ტელეფონიდან კი ისევ აგრძელებს უცნობი : "მე ისევ დაკონსერვებული ოთახის კუთხეს შევცქერი, გაშტერებული ვცდილობ შევეგუო უმოძრაობას. და შენ! შენ გეყოფა ძალა გადაიტვირთო საკუთარი თავი?"
თვალები თავისით ამეხილა, ისევ ბალახზე ვარ წამომჯდარი, ისევ იგივე რეალობა, ალბათ უბრალოდ წარმოსახვებში დავიკარგე წამიერად. თვალებს ვასვენებ, საკუთარ სხეულში ვცდილობ წარმოვიდგინო, თუ როგორ მოძრაობს მიკროდრო, რომელიც ჩემთვის შეუმჩნევლად აბერებს ნელ-ნელა სხეულს, ორგანოებს, დროის მტვერს მადებს.