ავტორი: ლიზი სიხარულიძე
დღეს, როცა მსოფლიო ინფორმაციულ ეპოქაში ცხოვრობს და ინფორმაცია ყველას ხელმისაწვდომია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების პოლიტიკურ განათლებას. პოლიტიკური განათლების დეფიციტი ბევრ ქვეყანაში მწვავე პრობლემად რჩება და განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც პოლიტიკური მონაწილეობა და ცნობიერება ხშირად ზედაპირულ დონეზე რჩება. პოლიტიკური განათლების არარსებობის მიზეზები მრავალმხრივია და სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული, ზოგჯერაც ამ განათლების მიღება ზედმეტად პოლიტიზებული თვალთახედვით არის განხილული და გამართლებული შემდეგი ფრაზით : “რად უნდა მეათე კლასელს პოლიტიკაზე რამის ცოდნა?”
ახალგაზრდებს არ აქვთ საკმარისი წვდომა სანდო და ნეიტრალურ წყაროებზე, რომლებსაც შეუძლიათ სწორი და მრავალმხრივი ინფორმაციის მიწოდება. ბევრ შემთხვევაში, ახალგაზრდები ცდილობენ პოლიტიკის გაგებას სოციალური ქსელების მეშვეობით, რაც ხშირად ცრუ წყაროა და იწვევს დეზინფორმაციის გავრცელებას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სკოლისა და საუნივერსიტეტო სისტემის როლი. საქართველოში განათლების სისტემაში პოლიტიკურ განათლებას ნაკლები ყურადღება ეთმობა, რის გამოც ახალგაზრდები იშვიათად სწავლობენ სახელმწიფო სისტემებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების როლს. ახალგაზრდების პოლიტიკური განათლება უნდა დაიწყოს ჯერ კიდევ სკოლიდან, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა, რომ გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და შეძლონ კრიტიკული შეფასების უნარის განვითარება. პოლიტიკური განათლების დეფიციტი არა მხოლოდ ცნობიერების ნაკლებობას იწვევს, არამედ ასევე გავლენას ახდენს ახალგაზრდების მონაწილეობაზე დემოკრატიულ პროცესებში. არჩევნებზე ხმას მისაცემად მოქალაქის ინფორმირებულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან არასწორი გადაწყვეტილება, მოსახლეობის მდგომარეობასაც მნიშვნელოვნად აზარალებს. როცა ადამიანი ზუსტად იცნობს ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას, მას მეტი უნარი აქვს, გააკეთოს სწორი და სანდო არჩევანი.
თუ ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი საქართველოსთვის, აუცილებელია, რომ ახალგაზრდებს მივცეთ ცოდნისა და ინფორმაციის სწორი წყაროები და ინსტრუმენტები. ერთ-ერთი გზა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ეს სიტუაცია, არის მედიაწიგნიერების განვითარება. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ უნარები, რომ გაარჩიონ ნამდვილი ინფორმაცია ცრუ ინფორმაციისგან და შეძლონ მედიის დამოუკიდებლად ანალიზი. გარდა ამისა, სასურველია, რომ განათლების სისტემაში შემოღებულ იქნას ისეთი საგნები, რომლებიც პოლიტიკურ თემებსა და დემოკრატიის პრინციპებს გააშუქებს და საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, უკეთ გაიგონ ქვეყნის მმართველობის პრინციპები და პროცესები.
პოლიტიკური განათლების დეფიციტი სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია სწორი მიდგომებით. თითოეული ახალგაზრდა უნდა იყოს აქტიურად ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.