„ქართული ოცნება” იქცა „ქართულ კოშმარად” - ევროპარლამენტარი

ნატალი ლუაზომ თქვა, რომ ევროკავშირმა ქართველ ხალხს იმედი უნდა მისცეს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მხარი დაუჭიროს.

ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნები სხვადასხვა მეთოდით გაყალბდა. მისი თქმით, ამ ყველაფერს თავად შეესწრო, როგორც ოფიციალურად მივლენილი საერთაშორისო დამკვირვებელი.

ნატალი ლუაზომ ამის შესახებ 13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ისაუბრა. პლენარულ სესიაზე ლუაზომ საპროტესტო აქციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციებზე მოსახლეობა საქართველოსთან ერთად ევროკავშირის დროშებსაც აფრიალებდა:

"მათ ჩვენი სჯერათ და იმედოვნებენ, რომ არ მივატოვებთ. „ქართული ოცნება” იქცა „ქართულ კოშმარად”. ისინი ვლადიმირ პუტინისკენ მიბრუნდნენ და სურთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა. ევროპის ამჟამინდელი პასუხი მტკიცეა, თუმცა არ არის სწორად მორგებული”, - განაცხადა ლუიზომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ქართველ ხალხს იმედი უნდა მისცეს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მხარი დაუჭიროს.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისინი არა ჩვენი სისუსტის, არამედ ჩვენი სიმტკიცის სიმბოლოები იყვნენ“, - აღნიშნა მიმართვის ბოლოს ევროპარლამენტარმა.

ასევე ნახეთ ეს არჩევნები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს - ევროკომისიის წარმომადგენელი

დღეს, 13 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს შესახებ დებატები იმართება.

“საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” - ამ სახელწოდებით დებატების ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოა. იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად.

იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატები 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგში შესულიყო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ.

დღევანდელ სესიაზე ნატალი ლუაზომ წინადადება, დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.

ასევე ნახეთ "ევროკავშირის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის "დებიძინიზაციის" შემდეგ" - რასა იუკნევიჩიენე