ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის წყაროების თანახმად, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება მალე დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც "რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებზე" იქნება პასუხისმგებელი.
ერთ-ერთმა წყარომ ტელეარხს განუცხადა, რომ საუბარია "ძალიან მაღალი რანგის სპეციალურ წარმომადგენელზე" და "დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანზე", რომელსაც ტრამპი დაავალებს უკრაინის "მშვიდობიანი მოგვარების მიღწევას".
2017-2019 წლებში უკრაინის საკითხებში, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო კურტ ვოლკერი.
ასევე ნახეთ კურტ ვოლკერი: "პუტინი ისევ მიიტაცებს ტერიტორიებს... შემდეგ კი დაიწყებს ახალ ვაჭრობას"
მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ.
ტრამპმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი, ყოფილი სამხედრო პიტ ჰეგსეთი. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, მკაცრი და ჭკვიანი ჰეგსეთის ხელმძღვანელობით არმია ისევ დიადი გახდება და ამერიკა უკან არასდროს დაიხევს.
ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის დასახელების შემდეგ, პენტაგონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ „ყველა შოკირებულია“.
დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(CIA) დირექტორის თანამდებობაზე დაასახელა ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა. ის 2020-2021 წლებში ეროვნული დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დემოკრატები რეტკლიფს ბრალს სდებდნენ ტრამპის სასარგებლოდ საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მიზნით.
ასევე ნახეთ ტრამპმა თავდაცვის მინისტრად Fox News-ის წამყვანი წარადგინა, მასკს ეფექტიანობის მართვა დაავალა
12 ნოემბერს დონალდ ტრამპმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს ფლორიდელი კონგრესმენი, არმიის ვეტერანი მაიკ უოლცი.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.