„მოქმედი კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის, ასევე პირადი განცხადების შემთხვევაში“, - ამბობს ცესკოს იურიდიული სამსახურის უფროსი გიორგი სანტურიანი.
დღეს, 11 ნოემბერს, ორმა ოპოზიციურმა პარტიამ („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“), რომლებიც, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში ხვდება, ცესკოში სიების გაუქმებაზე საჯაროდ განაცხადა.
ასევე ნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკოს სიების გასაუქმებლად მიმართავენოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც ამ გზით გამოუცხადა ბოიკოტი. ცესკომ ე.წ. სათადარიგო სიები გააუქმა, საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ კი ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას უარი უთხრა მანდატების გაუქმებაზე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მომავალ პარლამენტში ოთხი ოპოზიციური პარტია შედის. მათგან ორი სიების გაუქმებას აპირებს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გეგმა აქვთ პარტიებს, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.