პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე სამიტზე უარი თქვა სამიტის მონაწილეთა ერთობლივი, სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზე.
პოლონური ტელეარხი Polsat-ი იუწყება, რომ ანჯეი დუდას უარის მიზეზი ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მონაწილეობა იყო.
„ეს იყო პრეზიდენტის გააზრებული გადაწყვეტილება, “ოჯახური ფოტო" (Family Photo - ერთობლივი, სამახსოვრო ფოტო) ოჯახური ფოტოა, პრეზიდენტს არ სურდა ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან საერთო ფოტო ჰქონოდა“, - უამბო ტელეარხს ბაქოში მყოფმა, პრეზიდენტ დუდასთან დაახლოებულმა ადამიანმა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა COP29-ზე გადაღებული ერთობლივი ფოტო, რომელზეც ლუკაშენკა ჩანს, დუდა კი - არა. დუბაიში გამართულ შარშანდელ სამიტზე ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა თქვეს უარი ლუკაშენკასთან ფოტოს გადაღებაზე.
გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე სამიტი ბაქოში 11 ნოემბერს დაიწყო. ქვეყნები განიხილავენ პროგრესს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. კონფერენცია 22 ნოემბერს დასრულდება.
ასევე ნახეთ ბაქოში უთანხმოების ფონზე გაიხსნა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია
სამიტში მონაწილეობს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკაც.
ბაქოში კლიმატის ფორუმში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, ჩრდილოეთ აფრიკის პრემიერ-მინისტრმა კირილ რამაფოსამ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზმა.
ასევე ნახეთ გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29 აზერბაიჯანში გაიმართება. რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ?