მეც ვიჩივლებ: ასობით მოქალაქე ფიქრობს, როგორ უჩივლოს ცესკოს სასამართლოში

თუ ერთდროულად, საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე პირადად მიმართავს სასამართლოს სარჩელით ცესკოს წინააღმდეგ, მოითხოვს საკუთარი თვალით ნანახი დარღვევების აღიარებას და დარღვეული ფარულობის უფლების აღდგენას, შესაძლოა, ამან რეალობა შეცვალოს?

მართალია, საქართველოში მოქმედი საარჩევნო კოდექსი მოქალაქეებს სასამართლოსთვის ინდივიდუალურად მიმართვის უფლებას უზღუდავს, თუმცა მსოფლიოში არსებობს მსგავსი ბრძოლით ცვლილებების მიღწევის მაგალითები.

2024 წლის არჩევნებზე, მოლდოვამ, საზღვარგარეთ 280 საარჩევნო უბანი გახსნა. 2016 წლის არჩევნებზე კი, მხოლოდ 100 ჰქონდა. მაშინ, იმ 100 უბანზეც გაუთავდათ ბიულეტენები, რის გამოც რამდენიმე ათასმა ადამიანმა ხმა ვერ მისცა. ამის გამო მაშინ 4000 მოლდოველმა იჩივლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 100 ადამიანი კი სასამართლოში წავიდა. ამ საქმემ 7 წელი იარა ინსტანციებს შორის და ბოლოს ადამიანის უფლებების კომიტეტამდე მიაღწია. 2023 წელს ეს საქმე მოქალაქეებმა წააგეს, თუმცა პროცესს ბოლომდე დაჟინებით მიჰყვნენ. 2024 წელს, საზღვარგარეთ დამატებით 300 უბანი გახსნეს და ეს, როგორც ანა არგანაშვილიც გვეუბნება, არ მომხდარა თავისით. გაერომ მოლდოვის ხელისუფლებას მოუწოდა, შემდგომი არჩევნებისთვის კარგად დაეთვალა ამომრჩეველი და უბნები ისე გაეხსნა.

„სასამართლო არის გზა, რომ არჩევნებს დაუბრუნდეს აზრი. უნდა მოსთხოვო მას დარღვევების აღიარება. რადგან თუ ხალხს არ სჯერა არჩევნების ფარულობის და არჩევნების თავისუფლების, ის ნდობას კარგავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველასთვის ხილულ დარღვევებზე რეაგირებას დემონსტრაციულად არ აკეთებს ცესკო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადამიანის უფლებების დამცველი, ადვოკატი ანა არგანაშვილი. ის იყო ერთ-ერთი, ვინც საჯაროდ იკითხა: რატომ მჯერა, რომ სასამართლოში პირადად უნდა ვიჩივლოთ? და იქვე უპასუხა:

„იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციით შენ გაქვს უფლება, შენი არჩევანი იყოს ფარული და თავისუფალი. თუ ამ უფლების დაცვის საშუალება შენს ქვეყანაში არ არსებობს, გამოდის, რომ ეს ილუზორული უფლებაა, რომელიც შენს ქვეყანაში არ არის დაცული. აი, ამიტომ უნდა გაასაჩივრო პირადად“.

ანას პოსტის ქვეშ, სასამართლოში ჩივილის სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის იყო გენდერის მკვლევარი ეკა აღდგომელაშვილიც.

„თუ ეს შესაძლებელია, აუცილებლად გავასაჩივრებ. ბაჟსაც გადავიხდი, სასამართლოშიც ვივლი, ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული“, - გვითხრა მან.

ეკამ ხმა საბურთალოზე, 54-ე უბანზე მისცა. მის საარჩევნო ბიულეტენს, რომელიც აპარატში ვერა და ვერ შეაცურეს, დამხმარემ პირდაპირ იქვე შემოხსნა კონვერტი. მანამდე ვერ წარმოიდგენდა, რომ გაფერადებული წრე ფურცლის მეორე მხარეს გაჟონავდა, ამიტომაც ის საგულდაგულოდ გააფერადა. მისი არჩევანი ყველამ კარგად დაინახა:

„იმ წამს თითქოს ჩავთვალე, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. ვერ წარმოვიდგინე, რომ ასეთი მასშტაბური შეიძლება ყოფილიყო ფარულობის დარღვევა და ალბათ, ამიტომ არ გავაპროტესტე. თუმცა მახსოვს ის ადამიანი, ვინც ეს დაინახა. მიახლოებით ვიცი, რა დროს მივეცი ხმა. ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია“.

ეკა აღდგომელაშვილიც ფიქრობს, რომ შესაძლოა, სასამართლოს „დაბომბვა“ სარჩელებით მოქალაქეებს არ გამოუვიდეთ, მაგრამ მაინც ცდიან.

ადვოკატის გარეშე

„თუ ჩვენ დღეს არ გვყავს ადვოკატები, რომლებიც ადამიანებს დაეხმარებიან სასამართლოში საკუთარი არჩევანის პირადად დაცვაში, მათ [მოქალაქეებს] ის მაინც უნდა ვასწავლოთ, როგორ გახდეს ხალხისთვის სასამართლო ხელმისაწვდომი“, - ამბობს ანა არგანაშვილი და ამატებს: „შეუძლებელია, სასამართლომ გამოიტანოს სწორი გადაწყვეტილება, თუ ამ ხალხს არ ჰკითხავს რა ნახეს არჩევნებზე“, - უთხრა ანა არგანაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ქართულმა სასამართლომ ამ დრომდე განიხილა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ასობით სარჩელი, თუმცა, თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას (მან 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაადგინა) თუ არ ჩავთვლით, არცერთი არ დააკმაყოფილა. ახლა სადამკვირვებლო ორგანიზაციები დავის გაგრძელებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ.

ასევე ნახეთ 23 საათი სასამართლოს დარბაზში - სხდომა, რომელმაც წერტილი დაუსვა საარჩევნო დავებს

საქართველოს საარჩევნო კოდექსით, მსგავსი საკითხების გასაჩივრება მხოლოდ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, პარტიების წარმომადგენლებს, კომისიის წევრებს შეუძლიათ. ჩვეულებრივ ამომრჩეველს - არა. რას დავეყრდნოთ, თუ საარჩევნო კოდექსი (მუხლი 78) გვზღუდავს?

კონსტიტუცია, როგორც გარანტი

ფარული არჩევანის უფლებას ადამიანს ანიჭებს ქვეყნის მთავარი კანონი - კონსტიტუცია, რომლის მიხედვით, ქვეყანა მოქმედებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით.

ხოლო ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის პირველი პროტოკოლის მე-3 მუხლი ადგენს არა მხოლოდ თავისუფალი, ფარული და ხალხის ნება-სურვილის გამომხატველი არჩევნების ჩატარების ვალდებულებას, არამედ შემდეგ არჩევნების უფლების ეფექტურ დაცვას ანუ საარჩევნო დავების სამართლიანად ჩატარების ვალდებულებასაც.

ასევე ნახეთ ჯერჯერობით ერთი გამონაკლისი - მოსამართლეების უარი საარჩევნო სარჩელების უმრავლესობას

სარჩელის მიღება

საიას ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი ნიკა სიმონიშვილი ვარაუდობს, რომ მსგავსი სარჩელის მიღებაზე, სასამართლო, სავარაუდოდ, უარს იტყვის, რადგან არსებობს კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო წესრიგი. თუმცა, მისივე სიტყვებით, მცდელობას წინ არაფერი უდგას.

ამავე დროს, იურისტის ვარაუდით, უფრო პროდუქტიული იქნება, თუ სტრასბურგისთვის გასაგზავნ, საიას პოტენციურ საჩივარს, ამომრჩევლებისგან დიდი მხარდაჭერა ექნება.

ჩვენ „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელს, იურისტ თინა ხიდაშელსაც ვკითხეთ, რამდენად შესაძლებელია და რას ფიქრობს იმაზე, რომ მოქალაქეებმა თავად გაასაჩივრონ საარჩევნო დარღვევები და, მათ შორის, ფარულობის უფლება.

მას ეს პროცესი კიდევ უფრო მასშტაბურად წარმოუდგენია, ვიდრე ხუთასი ან ათასი სარჩელია და ფიქრობს, რომ მასში 10-20 ათასი ადამიანი უნდა ჩაერთოს და საქართველოს ყველა სასამართლო მათი სარჩელებით დაიბომბოს. ისიც გვეუბნება, რომ თუ ასეთ საჩივარს დაწერს ათასობით ადამიანი, უკვე შეიძლება დადგეს საარჩევნო კოდექსის კონკრეტული მუხლის გადასინჯვის საკითხიც.

ბევრი სირთულე მელოდება, თუ ამ ბრძოლაში ჩავერთვები?

თუ მოქალაქეები ჩივილს გადაწყვეტენ, პროცესი არც მარტივი იქნება და არც ხანმოკლე. შეიძლება სარჩელი წერტილ-მძიმის არასწორად დასმის გამო დაიწუნონ და ხელახლა გახდეს საჭირო მისი შეტანა.

„გვინდა ხალხს ავუხსნათ, რომ უკან არ დაიხიონ. მათი უფლება - მათი დასაცავია“, - ამბობს ანა არგანაშვილი.

მოქალაქეები, რომლებიც ჩივილს გადაწყვეტენ, ზოგადი გასაჩივრების მექანიზმს გამოიყენებენ, ანუ ზოგად ადმინისტრაციული კოდექსს, რომლითაც მოქალაქეს უფლება აქვს მთავრობას სწორი მმართველობა მოსთხოვოს.

ადმინისტრაციული სარჩელის ფორმა გუგლით იძებნება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თუ სასამართლოების საიტებზე.

იქვე არის ატვირთული „შენიშვნები ადმინისტრაციული სარჩელის შესავსებად“.

სარჩელის ფორმა რამდენიმე გვერდს მოიცავს. პირველ გვერდზე პირადი მონაცემები იწერება, მეორეზე - მოთხოვნა. ასეთი არსობრივად ორია:

  • სასამართლოსგან მოქალაქეები მოითხოვენ, აღიარონ მათი უფლება გაასაჩივრონ დარღვევები
  • სასამართლოსგან მოითხოვენ, აღიაროს 2024 წლის არჩევნებზე ჩადენილი დარღვევები, რომლებსაც შეესწრნენ და მზად არიან მოუყვნენ სასამართლოს

სწორედ აქ იწერება მოქალაქეების პერსონალური ამბები - ის, რაც თავს გადახდათ და ასევე ისიც, როგორ ამტკიცებენ ნათქვამს, მაგალითად, თუ ჰყავთ მოწმეები, სთხოვენ, რომ სასამართლოში გაიყოლონ. ეს ყველაფერი მთავრდება ბანკში ბაჟის გადახდით, ღირებულება 100 ლარი.

ყველას დასჭირდება რაიონის სახაზინო კოდი, ბანკის ე.წ. სველი ბეჭედი და ხელმოწერა. ქვითარი და ხელმოწერილი ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლოში ბარდება. შემდეგ კი სასამართლოს პასუხის მოლოდინი იწყება - მოსარჩელეს ატყობინებენ, მიიღო თუ არა სასამართლომ სარჩელი, თუ არა - რა არის გამოსასწორებელი, თუ კი - რომელი მოსამართლე განიხილავს და ასე შემდეგ.

„აქ ვერ მიიღებ შედეგს? სხვაგან იბრძვი. სხვაგანაც ვერ მიიღებ? ხალხის ცნობიერება ეჩვევა იმას, რომ საარჩევნო ხმა დასაცავია და სხვას არ უნდა დაელოდოს. ეს არის პროცესი, რომელიც აღქმას ცვლის და ადამიანებს უჩენს რწმენას, რომ მათ აქვთ იმის უფლებაც, რომ დაიცვან თავიანთი უფლებები“, - ეუბნება ანა არგანაშვილი რადიო თავისუფლებას.

ამ ხანგრძლივ ბრძოლაში ჩართვის სურვილი საჯარო სივრცეში უკვე ბევრმა ადამიანმა გამოთქვა.

ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და ის, სავარაუდოდ, არ დასრულდება სასამართლოს კართან. სარჩელები სასამართლომ რომც არ მიიღოს, უფლებებისთვის ბრძოლა შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაგრძელდეს.