გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი 13 ნოემბერს ირანს ეწვევა

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი. 26 სექტემბერი, 2024 წელი

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი 13 ნოემბერს ეწვევა ირანს და მომდევნო დღეს დაიწყებს კონსულტაციებს ირანის ოფიციალურ პირებთან, - იტყობინება სახელმწიფო მედია 10 ნოემბერს.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შესაძლოა უახლოეს დღეებში გაემგზავროს ირანში - მისი სადავო ბირთვული პროგრამის განსახილველად. მანვე თქვა, რომ მოელის თანამშრომლობას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

მოუგვარებელი პრობლემები ირანს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის ეხება იმას, რომ თეირანი ქვეყანაში არ უშვებს ურანის გამდიდრების ზოგიერთ ექსპერტს IAEA-ს საინსპექციო ჯგუფებიდან და აგრეთვე იმას, რომ წლების განმავლობაში ვერ ხსნის ურანის კვალს არადეკლარირებულ ობიექტებზე.

ირანმა ბირთვული აქტივობა 2019 წლიდან განაახლა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცალმხრივად დატოვა 2015 წლის შეთანხმება ირანსა და მსოფლიო სახელმწიფოებს შორის - შეთანხმება გულისხმობდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ირანისთვის დაწესებული სანქციების შერბილებას.

ასევე ნახეთ IAEA-ის ხელმძღვანელი ირანშია, ბირთვულ სფეროში ნაბიჯებზე შეშფოთების ზრდის ფონზე