ავღანელ ქალებს ერთმანეთთან ლაპარაკი აკრძალული არ აქვთ, აცხადებს თალიბანი

ავღანეთის თალიბანის მთავრობის წევრები. 5 ნოემბერი, 2024 წელი. თალიბანი უარყოფს, რომ ავღანეთში ქალებს ერთმანეთთან ლაპარაკი ეკრძალებათ.

ქალებს ავღანეთში არ აქვთ ერთმანეთთან ლაპარაკი აკრძალული, განუცხადა ამ ქვეყნის თალიბების მთავრობის მორალის სამინისტრომ AFP-ის სააგენტოს და ამით უარყო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აკრძალვის შესახებ.

ავღანური მედიასაშუალებები უცხოეთში, ასევე საერთაშორისო გამოცემები, ბოლო თვეებში იტყობინებოდნენ, რომ ქალებს აეკრძალათ სხვა ქალების ხმის გაგონება.
ეს მტკიცება ეყრდნობოდა სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტროს ხელმძღვანელის მოჰამად ხალიდ ჰანაფის აუდიოჩანაწერს, სადაც ის ლოცვის წესებზე ლაპარაკობს.

სამინისტროს წარმომადგენელმა, საიფულ ისლამ ხაიბერმა განაცხადა, რომ ეს ცნობები აკრძალვაზე „სულელური“ და „არალოგიკურია“, - ადასტურებს AFP-ი.

ასევე ნახეთ „ჩვენი ხმები და სახეები აკრძალეს” - როგორ ცხოვრობენ ქალები ავღანეთში მას შემდეგ, რაც თალიბებმა თითქმის ყველა ფუნდამენტური უფლება წაართვეს