ბოკუჩავა არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას "მასკარადს" უწოდებს და ამბობს, რომ საჭიროა საერთაშორისო აქტორების ჩართულობა.
"არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება, რაც, ბუნებრივია, არ გულისხმობს პროკურატურის მხრიდან პრეზიდენტი ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებას, ან თინა ბოკუჩავას პროკურატურაში დაბარებას, რაც სხვათა შორის, დღეს შემატყობინეს, რომ თურმე მეც დაბარებული ვარ პროკურატურაში.
სერიოზული გამოძიება ამ მასკარადის მოწყობას კი არ გულისხმობს, სერიოზული გამოძიება გულისხმობს საერთაშორისო აქტორების ჩართვას საგამოძიებო პროცესში", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
მას არ დაუკონკრეტებია, აპირებს პროკურატურაში მისვლას თუ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას მოითხოვს.
მანამდე, არჩევნების გაყალბების საქმის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
6 ნოემბერს სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გამოკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია და ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამომძიებელი მას შეფასებების გაკეთების საშუალებას არ აძლევდა, ამასთან, მისგან არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების წარდგენას ითხოვდა.
იმავე დღეს, პროკურატურამ გამოჰკითხა კოალიცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია და პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.
„პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს, ცესკოს თხოვნით, არჩევნების არგაყალბების საქმეს. მივაწოდე მათ ინფორმაცია, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს, რა სქემით მუშაობდა... ნების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების გაყალბების დანახვა არის თვალსაჩინო“, - თქვა ლონდა თოლორაიამ.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.