ევროპულმა საბჭომ საქართველოზე მსჯელობა ვერ მოასწრო - საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტი დასრულდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს შესახებ მსჯელობა დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხეს. საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ 18 ნოემბერს.

საქართველოს შესახებ საუბარი არ ყოფილა არც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც გამოვიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. უნგრეთი ამჟამად ევროკავშირის საბჭოს მორიგე პრეზიდენტი ქვეყანაა.

სწორედ უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობდა შვიდ ნოემბერს ევროპული თანამეგობრობის სამიტს, სადაც ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდა, და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრასაც, რომელიც რვა ნოემბერს გაიმართა.

ასევე ნახეთ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების "თამაში" პუშკაშის მოედანზე

კვირებით ადრე იყო ცნობილი, რომ ევროპულ საბჭოს საქართველოზე უნდა ემსჯელა. ამის შესახებ საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც წერდა ექვს ნოემბერს, საბჭოს წევრებისთვის გაგზავნილ საჯარო მოწვევაში.

როგორც ჩანს, საქართველოს საკითხის განხილვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო გადაიბარებს. ისინი 18 ნოემბერს ბრიუსელში შეიკრიბებიან. დღეის მდგომარეობით, საქართველო დღის წესრიგში მეორე საკითხია უკრაინის შემდეგ.

„სერიოზული ეჭვები გაყალბებაზე“

საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას რვა ნოემბრის დილით უპასუხა შარლ მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომელსაც სულ მალე ამ თანამდებობაზე პორტუგალიელი ანტონიო კოშტა ჩაანაცვლებს, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ „სერიოზულ ეჭვებზე“ ისაუბრა:

„არსებობს ეჭვები. გაყალბების სერიოზული ეჭვებია და ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება. ამ პროცესთან დაკავშირებით სიცხადე გვჭირდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით ეჭვები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიცაა“, - თქვა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბუდაპეშტში

წინა დღეს შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ევროკავშირისა და საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის ეს პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც ივნისში ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი დონის ვიზიტები შეწყვიტა.

„ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, განმარტებები გავუკეთე, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას“, - ასე აღწერა მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა.

ასევე ნახეთ "მიშელს შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა" - კობახიძე

რვა ნოემბერს მიცემულ კომენტარში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას შარლ მიშელი მოკლედ გამოეხმაურა და თქვა, რომ კობახიძეს არჩევნების გაყალბების შესახებ არსებულ ეჭვებზე „შეხედულებები გაუზიარა“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მიშელმა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გამოძიება ითხოვა და ირაკლი კობახიძეს აცნობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება შეჩერებულია მანამ, სანამ არ შეიცვლება საქართველოს ხელისუფლების კურსი.

შარლ მიშელის გარდა, ირაკლი კობახიძე შეხვდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს.

ირაკლი კობახიძე და რობერტ ფიცო ბუდაპეშტში, 7 ნოემბერი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, რობერტ ფიცომ ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. აქამდე ევროკავშირის ერთადერთი ლიდერი, რომელმაც „ქართული ოცნებას“ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ვიქტორ ორბანი იყო. ირაკლი კობახიძის თქმით, ფიცომ ის სლოვაკეთშიც მიიწვია.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.

ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.

ასევე ნახეთ „ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სასიკეთოდ ბევრ რამეს შეცვლის“ - ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელიც „ოცნების“ სამიზნე გახდა