პოლიციას რუსეთში "ტრადიციული ღირებულებების" გაძლიერებისთვის გამოიყენებენ

"ტრადიციულ ღირებულებებთან შეუსაბამობა" გახდა რუსეთში მრავალი შევიწროების მიზეზი სოციალურ და კულტურულ სფეროებში - ლგბტ ადამიანებით დაწყებული, თანამედროვე მხატვრებითა და მწერლებით დამთავრებული.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პოლიციის უფლებამოსილებას დაემატება ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებების განმტკიცება.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ამოცანების შესრულება უკვე გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება. დოკუმენტი არ აკონკრეტებს, თუ როგორ გაუმკლავდება სამინისტრო ტრადიციული ღირებულებების განმტკიცებასა და შენარჩუნებას.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, "ტრადიციულ ღირებულებებთან შეუსაბამობა" გახდა რუსეთში მრავალი შევიწროების მიზეზი სოციალურ და კულტურულ სფეროებში - ლგბტ ადამიანებით დაწყებული, თანამედროვე მხატვრებითა და მწერლებით დამთავრებული.

რუსული ტრადიციული ღირებულებების საფრთხეებად კრემლი მიიჩნევს ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების, შეერთებული შტატებისა და სხვა არამეგობრული ქვეყნების, რიგი მრავალეროვნული კორპორაციებისა და უცხოური არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობას.

სექტემბრის შუა რიცხვებში რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებიც რუსებს "უცხო ღირებულებებს" ახვევენ თავს. "არამეგობრული ქვეყნების" ჩამონათვალშია 47 ქვეყანაა, მათ შორის აშშ, კანადა, უკრაინა და ევროპის ქვეყნების უმეტესობა, იაპონია, სამხრეთი კორეა და ავსტრალია.

სიაში არ მოხვდა საქართველო, რომლის მთავრობამაც, „ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით, უარი განაცხადა შეერთებოდა რუსეთისადმი დასავლეთისა და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს.

ასევე ნახეთ საქართველო რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ მოხვდა