თეთრი სახლის აპარატს პირველად უხელმძღვანელებს ქალი

სიუზან უაილსი და დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი საკადრო გადაწყვეტილება გამოაცხადა. თეთრი სახლის აპარატს ჩაიბარებს ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სიუზან უაილსი.

67 წლის უაილსი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, სიუზი უაილსი საყოველთაო აღტაცებით და პატივისცემით სარგებლობს.

სიუზან უაილსი(სამეროლი) ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მისი მამა ეროვნული საფეხბურთო ლიგის მოთამაშე და მოგვიანებით პოპულარული სპორტული კომენტატორი პეტ სამეროლი იყო.

სიუზან უაილსმა მერილენდის უნივერსიტეტი დაამთავრა. 1980 წელს ჩართული იყო რონალდ რეიგანის საარჩევნო კამპანიაში. 1990-იანი წლებიდან იყო არაერთი რესპუბლიკელი პოლიტიკოსის მრჩეველი და თანაშემწე. დონალდ ტრამპის და სიუზან უაილსის თანამშრომლობა 2016 წლიდან დაიწყო.

ასევე ნახეთ რას უნდა ველოდეთ ტრამპ 2.0-ისგან?

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.