უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა ევროპელი ლიდერები, რომ რუსეთის წინაშე ნებისმიერი დათმობა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, იქნებოდა "თვითმკვლელობა" ევროპისთვის და მიუღებელი უკრაინისთვის.
ის 7 ნოემბერს სიტყვით გამოვიდა სამიტზე, მაგრამ ზელენსკის გამოსვლა ღონისძიების ოფიციალურ ტრანსლაციაში ვერ მოხვდა, იტყობინება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი.
ზელენსკიმ, კერძოდ, კრიტიკულად ილაპარაკა მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების იდეაზე. ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შემდეგ გამოვიდა სიტყვით, რასაც მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გამოსვლა.
ორბანისა და მაკრონის გამოსვლები პირდაპირ ეთერში და ინტერნეტში გამოქვეყნდა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტისა - არა. ღონისძიების ორგანიზატორების უნგრელმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ზელენსკის გამოსვლა საჯარო არ იყო. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებსაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური დაუკავშირდა, ამას სიცრუე უწოდეს.
“გადაეხვიოთ პუტინს - არაფერში დაგეხმარებათ. ზოგიერთი თქვენგანი უკვე 20 წელია ეხვევა მას, მაგრამ ვითარება კიდევ უფრო უარესდება”, - თქვა ზელენსკიმ.
ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, - ევროკავშირის არაფორმალური სამიტის წინ, რომელიც ხვალ, 8 ნოემბერს, გაიმართება უნგრეთში, - ზელენსკიმ გაიმეორა ომით განადგურებული თავისი ქვეყნის მეტი მხარდაჭერისკენ მოწოდებები.
უნგრეთი ამჟამად 27-წევრიანი ბლოკის თავმჯდომარე ქვეყანაა.
ასევე ნახეთ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების "თამაში" პუშკაშის მოედანზეზელენსკიმ აგრეთვე განაცხადა, რომ უკვე ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატებიცა და ევროპაც ძლიერი უნდა იყვნენ ერთმანეთის საკეთილდღეოდ, მსოფლიოს წინაშე არსებული "ბევრი გამოწვევის" ფონზე.
ზელენსკიმ უფრო ადრე სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „შესანიშნავი“ საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელსაც „ისტორიული, დამაჯერებელი გამარჯვება“ მიულოცა.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისა და მისი ფრონტისთვის?