"საქმე გვაქვს საარჩევნო ცოდნის ნაკლებობასთან ან მიზანმიმართულ ქმედებასთან" - ცესკომ ISFED-ს უპასუხა

ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) მიერ გავრცელებულ მონაცემებს იმაზე, რომ 26 ოქტომბერს ზოგიერთ უბანზე უფრო მეტმა კაცმა მისცა ხმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო.

ცესკო ISFED-ის ინფორმაციას "მანიპულაციურს" და "დეზინფორმაციას" უწოდებს, ამასთან, აცხადებს, რომ "მსგავსი უზუსტობა" შეიძლება მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში არსებობდეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი უზუსტობა შეიძლება არსებობს მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში და შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველს. ამ შემთხვევების განზოგადება მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ცოდნის ნაკლებობასთან ან მიზანმიმართულ ქმედებასთან, რათა დაზიანდეს საარჩევნო პროცესი", - აცხადებს ცესკო და ბრალდებების საპასუხოდ დამატებით განმარტავს:

  • "კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას. აღნიშნული მონაცემები არ ითვლება მთვლელების მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემში;
  • ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკა საშუალებას აძლევს მკვლევარებს, სოციოლოგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გენდერულ ჭრილში შეისწავლონ ამომრჩეველთა აქტივობა;
  • მიუხედავად იმისა, რომ ახლაც და ყველა წინა არჩევნებზე ასეთი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, მათი დამუშავების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არცერთ შემთხვევაში კავშირში არაა და ვერ იქნება კენჭისყრის შედეგებთან და შესაბამისად, ვერც რაიმე გავლენას მოახდენს მასზე, რაც კარგად არის ცნობილი ნებისმიერი ჩართული მხარისთვის".

ცესკო ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას, გასათვალისწინებელია იმ კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. უწყება მათ შორის ასახელებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს, სტაციონარში მყოფ ამომრჩევლებს, პატიმრობაში მყოფ ამომრჩევლებს, სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე.

7 ნოემბერს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ცესკოდან ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიღებული მონაცემები საარჩევნო უბნებზე მანიპულაციებზე მიანიშნებს 2024 წლის 26 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს.

ორგანიზაციის მიგნებით, ზოგიერთ უბანზე უფრო მეტმა კაცმა მისცა ხმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო.

ISFED-ის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ დაასახელა ბორჯომის ოლქში, ბაკურიანში, გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც რეგისტრირებული იყო 514 კაცი ამომრჩეველი, თუმცა ხმა მისცა 599-მა კაცმა. მისი თქმით, ყველა კაცი ამომრჩევლისა და სპეციალურ სიაში მყოფი ადამიანების (8) მისვლის შემთხვევაშიც კი აქტივობა 15%-ით (77 კაცით) მეტი გამოდის.

ISFED-ის ცნობით, მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ყვარელში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის, სამტრედიისა და ნინოწმინდის საარჩევნო უბნებზე.

ასევე ნახეთ ISFED: ცესკოს მონაცემებით, ბაკურიანის უბანზე რეგისტრირებულზე 77-ით მეტი კაცი მივიდა

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.