ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები შენობასთან შეიკრიბნენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ უფლება აქვს სხდომას დაესწროს, თუმცა ამის შესაძლებლობა არ ეძლევა.
ადგილზეა საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავებს შენობის შესასვლელი კორდონით აქვთ ჩაკეტილი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტიის "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ სხდომა საჯაროა და იქ უნდა შეუშვან როგორც მოქალაქეები, ისე მედიასაშუალებების წარმომადგენლები.
"გაყალბებული არჩევნები წააგეს. ჩვეულებრივად, საჯარო არის სხდომა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, უნდა შეგიშვან თქვენც და უნდა შეუშვან მოქალაქეებიც. ეს ჩვეულებრივი ამბავია. გაამაგრეს ქაჯეთის ციხე, რადგან ჩადიან უკანონობას", - უთხრა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს.
პარტია "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ დღეს საოლქო კომისიებმა დაჩქარებულად "ნოტარიუსის ფუნქცია" შეასრულეს.
"19:00 საათზე 73-ვე ოლქში ჩატარდა შემაჯამებელი სხდომები, ბრძანება მოვიდა ცესკოსგან. იმდენად არანაირი თავისუფლება არ აქვთ ოლქებს, რომ სხვა დროს სხდომის დანიშვნის შესაძლებლობაც არ ჰქონიათ. ეს ყველაფერი არის მკაცრად მართული პროცესი "ქართული ოცნების" მხრიდან. მათ ეჩქარებათ, რომ ბეჭედი დაასვან მიტაცებულ არჩევნებს", - თქვა მან.
დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო კომისიაში ჩაინიშნა სხდომები, რომლებზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმები უნდა შედგეს.
ასევე ნახეთ საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგიოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.