„ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს და რომლითაც სავსეა მთელი მედია“, - თქვა ზურა ჯაფარიძემ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებებს მიუთითა იმ წყაროების შესახებ, სადაც არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებებია გამოქვეყნებული.
პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ თქვა, რომ პირველ ეტაპზე გამოჰკითხეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ:
„კონკრეტული სახელი და გვარი არცერთ მოწმეს არ დაუსახელებია. როდესაც გამოძიება მოახდენს კონკრეტული დამკვირვებლების იდენტიფიცირებას, არის უამრავი ადამიანი, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სექტორში, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესების გამომდინარე, დავიბარებთ, გამოვკითხავთ ან დავკითხავთ სასამართლოში“.
ასევე ნახეთ საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგიამავე საქმის ფარგლებში გუშინ, 6 ოქტომბერს, გამოჰკითხეს კოალიცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია და პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.
„პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს, ცესკოს თხოვნით, არჩევნების არგაყალბების საქმეს. მივაწოდე მათ ინფორმაცია, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს, რა სქემით მუშაობდა... ნების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების გაყალბების დანახვა არის თვალსაჩინო“, - თქვა ლონდა თოლორაიამ გუშინ, გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
ასევე ნახეთ არჩევნების გაყალბების საქმეზე ლონდა თოლორაია და ნათია მეზვრიშვილი გამოჰკითხესოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.