აშშ-ში ღიად ტრანსგენდერი ქალი პირველად აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში - პარლამენტის ქვედა პალატაში. 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა დელავერის შტატის სენატის წევრმა, 34 წლის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, სარა მაკბრაიდმა.
მაკბრაიდი ლგბტ+ თემის ცნობილი აქტივისტია, მან 2011 წელს შეასრულა „ქამინგ-აუთი“. 2020 წელს ის შტატის პარლამენტში აირჩიეს. ის მონაწილეობდა ანაზღაურებული ოჯახური და სამედიცინო შვებულების შესახებ კანონის შექმნაზე და გადაწყვეტილი აქვს, ანალოგიურ კანონმდებლობაზე იმუშაოს ფედერალურ დონეზე, იტყობინება TIME-ი.
Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაკბრაიდმა განაცხადა, რომ ახარებს გამარჯვება, მაგრამ სამუშაო საკითხებზეა კონცენტრირებული. ადრე დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზზე მან თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობს „არა ისტორიაში მოსახვედრად, არამედ დელავერებისთვის ისტორიული პროგრესის მისაღწევად“.
არჩევნებში მან დაამარცხა რესპუბლიკელი ბიზნესმენი ჯონ უოლენი III. ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ ის მნიშვნელოვნად უსწრებს მეტოქეს - 57,7 პროცენტით 42,3-ის წინააღმდეგ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებისა და სენატის არჩევნების პარალელურად გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა. სენატში რესპუბლიკურმა პარტიამ მოახერხა უმრავლესობის მოპოვება. წინასწარი მონაცემებით, მათ 52 ადგილი აქვთ, უმრავლესობისთვის მინიმუმ 51 პროცენტია საჭირო. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნების შედეგები ბუნდოვანია, ჯერჯერობით ორივე პარტიას აქვს უმრავლესობის მოპოვების შანსი.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისა და მისი ფრონტისთვის?