არჩევნების გაყალბების საქმეზე მამუკა ხაზარაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხეს

მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გამოკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია და ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამომძიებელი მას შეფასებების გაკეთების საშუალებას არ აძლევდა, ამასთან, მისგან არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების წარდგენას ითხოვდა.

"როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, მაჩერებდნენ: არა, არა, აქ ჩვენ სხვა თემაზე არ ვლაპარაკობთო. ორმაგი სტანდარტია - როდესაც საათ-ნახევარი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გამოდის და აქვს საშუალება, ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში თურმე მე არ მაქვს საშუალება და არავის არ აქვს საშუალება, ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომელიც ქვეყანას აწუხებს. [...]

ეს [არჩევნები] იყო მომავლის ქურდობა, რაც ჩატარდა. ფაქტები დევს სახეზე და ამდენი ხნის განმავლობაში არავინ არ დასჯილა, არავინ არ დაჭერილა ორი ადამიანის გარდა, რომელმაც უხეშად ჩატენა ბიულეტინები. იმიტომაც ჩატენეს, რომ აგებდნენ იმ უბანში და გააუქმეს [უბანი]... მე მეკითხებიან, მამუკა ხაზარაძეს, რომ მე უნდა მოვიტანო პროკურატურაში და სასამართლოში მტკიცებულებები. რატომ? იმიტომ რომ ხალხმა დაინახოს, თქვენც დაგიბარებთ, საბჭოთა პროკურატურა დაგიბარებთ ყველას", - განაცხადა ხაზარაძემ.

დღესვე, 6 ნოემბერს, ამავე საქმეზე პროკურატურამ გამოჰკითხა კოალიცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია და პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.

„პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს, ცესკოს თხოვნით, არჩევნების არგაყალბების საქმეს. მივაწოდე მათ ინფორმაცია, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს, რა სქემით მუშაობდა... ნების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების გაყალბების დანახვა არის თვალსაჩინო“, - თქვა ლონდა თოლორაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ კოალიციას არჩევნების გაყალბების მტკიცებულებად აქვს ფოტო- და ვიდეომასალები, დამკვირვებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ასევე ის საჩივრები, რომლებიც დაწერეს.

ნათია მეზვრიშვილმა გამოკითხვის შემდეგ მედიასთან საუბარში თქვა, რომ პროკურატურა ეცდება, ინდივიდუალური ფაქტები გამოიძიონ და არ შეხედონ ერთიან სურათს.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.