ორბანმა ევროკავშირს უკრაინაში ომის მიმართ "ახალი სტრატეგიისკენ" მოუწოდა

დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და ვიქტორ ორბანი. ვაშინგტონი, 13 მაისი, 2019.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერმა განაცხადა ბიშკეკში, სადაც ის თურქი ხალხების სამიტში მონაწილეობს.

ორბანი ღიად უჭერდა მხარს ტრამპს საარჩევნო კამპანიის დროს - განსხვავებით ევროკავშირის ლიდერების უმეტესობისგან, რომლებიც პირდაპირ კომენტარს არ აკეთებდნენ მისი მსვლელობისას, მაგრამ შეშფოთებას გამოხატავდნენ არჩევის შემთხვევაში ტრამპის შესაძლო ნაბიჯებზე საგარეო პოლიტიკაში. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც არაერთხელ გამოვიდა უკრაინაში ცეცხლის უპირობო შეწყვეტის მოწოდებით და ეწინააღმდეგებოდა ამ ქვეყნის სამხედრო დახმარებას, თვლის, რომ უკრაინაში ომის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომები ახლოს არის მის საკუთარ მიდგომებთან. ტრამპმა პირობა დადო, რომ არჩევის შემდეგ „ომს დაასრულებს“, მაგრამ არ განუმარტავს, როგორ აპირებს ამის მიღწევას.

ევროკავშირის ბევრმა ლიდერმა გააკრიტიკა ორბანი, განსაკუთრებით ამ ზაფხულს მოსკოვში მისი მოგზაურობის შემდეგ. მის პოზიციას უწოდებენ ან ზედმეტად რბილს რუსეთის მიმართ, ან პირდაპირ პრომოსკოვურს. ამასთან, როგორც სააგენტოები აღნიშნავენ, ტრამპის არჩევამ შეიძლება გაზარდოს ორბანის პოლიტიკური წონა ევროპაში - „გარიყულიდან“ ის შეიძლება გადაიქცეს ღირებულ შუამავლად მომავალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში.

ხუთშაბათს ბუდაპეშტში გაიმართება ევროკავშირის არაფორმალური სამიტი, რომელზეც ლიდერები ასევე განიხილავენ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალს ტრამპის გამარჯვების შემდეგ. იქვე გაიმართება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ლიდერების შეხვედრაც - მასში შედის ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა გარდა რუსეთისა და ბელარუსისა. კერძოდ, მოსალოდნელია უკრაინის, სერბეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მონაწილეობა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ტრამპის გამარჯვებაზე რეაგირებისას, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას მოუწოდა, კოორდინირება გაუწიონ ძალისხმევას მსოფლიოში ევროკავშირის პოზიციის გასაძლიერებლად. მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ ევროკავშირი უნდა „გაიზარდოს“ და აღარ იყოს დამოკიდებული აშშ-ის ამჟამინდელ პოლიტიკაზე.

ამასთან, იმ შიშის ფონზე, რომ შეიძლება შემცირდეს უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარება, არსებობს წინააღმდეგობრივი წინადადებები ევროკავშირის შესაძლო სტრატეგიასთან დაკავშირებით. მაშინ როცა, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნების, შვედეთისა და ფინეთის ლიდერები ევროკავშირს მოუწოდებენ, კიდევ უფრო აქტიურად დაეხმაროს უკრაინას, ორბანი და მისი პოლიტიკური მოკავშირეები, როგორიცაა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, პირიქით, გამოდიან მოწოდებით, მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესდეს და რომ, ფაქტობრივად, უკრაინა დაიყოლიონ, დათანხმდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს თავისთვის არახელსაყრელი პირობებით.

ასევე ნახეთ ორბანი: ვულოცავ გამარჯვებას დონალდ ტრამპს