საია არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოში ხმის მთვლელ აპარატზე ხელახალი ექსპერიმენტის ჩატარებას

ნონა ქურდოვანიძე სხდომის დაწყებამდე სააპელაციო სასამართლოში

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება საპარლამენტო არჩევნებზე სააპელაციო საჩივრების განხილვა.

ამ წუთებში მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს, რომლებიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს მიმართავს და ეუბნება:

"ჩვენ არ ვეთანხმებით ელექტრონულ ხმის მთვლელ აპარატზე ჩატარებული ექსპერიმენტის ამორიცხვას ან/და ხელახლა ჩატარების შუამდგომლობას, რადგან ეს ექსპერიმენტი ჩატარდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც თქვენი კოლეგები ესწრებოდნენ. ყველა დაეთანხმა, რომ ექსპერიმენტი სწორად ჩატარდა. მათ შორის არსებობს ვიდეო, სადაც ისმის, რომ თქვენ ეთანხმებით, რომ ექსპერიმენტი სწორადაა ჩატარებული. რა საფუძვლით უნდა მოხდეს მისი ამორიცხვა? გაუგებარია. ეს არის პირველი ინსტანციის საქმის შემადგენელი ნაწილი და მისი ამორიცხვის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება ხელახლა ჩატარებას: როდესაც თქვენ აყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ თქვენს მიერ მოტანილი აპარატის, თქვენს მიერ მოტანილი ჩარჩო კონვერტისა და თქვენს მიერ მოტანილი ფლომასტრის გამოყენებით ჩატარებულ ექსპერიმენტს, ახლა, როდესაც უკვე იცით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ამ ექსპერიმენტისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გაბათილდა ოლქები, ჩვენ აღარ გვაქვს ნდობა, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი აპარატი ან ფლომასტერი, ან ფურცელი იქნება იმავე ხარისხის, რაც რეალურად იქნა გამოყენებული არჩევნების დღეს. აუხსნელია, რატომ უნდა ჩატარდეს ერთი და იგივე ექსპერიმენტი ერთსა და იმავე საქმეზე მაშინ, როდესაც ეს ექსპერიმენტი უკვე ჩატარდა და საქმეში მტკიცებულების სახითაც დევს.

გარდა ამისა, გაუგებარია, რის საფუძველზე აყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლომ ამორიცხოს ის ბიულეტენები, რომლებიც ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შესაბამისი უბნებიდან, და ეს ბიულეტენებიც დათვალიერდა ადგილზე. დათვალიერების შედეგად კი გამოჩნდა, რომ ყველგან არის დარჩენილი (მარკერის) კვალი. ამ ამორიცხვის საფუძველი რა არის? გაუგებარია. ეს არის გარემოება, რომელიც დადასტურებულია. ამიტომ ჩვენ სხვა ოლქებთან მიმართებითაც ანალოგიური შუამდგომლობა გვაქვს”, - თქვა ნონა ქურდოვანიძემ სხდომათა დარბაზში.

ასევე ნახეთ საჩივრები არჩევნებზე, დავა სააპელაციო სასამართლოში - ლაივბლოგი

4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დაკმაყოფილდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.

ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, რომ წალკის საოლქო კომისიასთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ "იყო უმძიმესი დარღვევები", როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე:

"სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი, შესაბამისად, შედეგები უნდა იქნას ბათილად ცნობილი".

დღევანდელ სხდომაზე განიხილება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი საჩივარიც, რომელიც შეეხება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,035%;

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,167%;

„ძლიერი საქართველო“ - 8,81%;

„გახარია საქართველოსთვის“ - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელიც, მათი განცხადებით, საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს.

არჩევნების მეორე დღეს, 27 ოქტომბერს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გამოაქვეყნეს წინასწარი დასკვნები, რომლებშიც მიუთითებდნენ არჩევნების პროცესში ზეწოლის, დაშინებისა და სავარაუდო გაყალბების შემთხვევებზე.

ამ განცხადებებს მალევე მოჰყვა პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, განცხადებები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დარღვევების გამოძიების აუცილებლობაზე.

მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს საარჩევნო დარღვევების გამოძიება.

არჩევნების დღეს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო გამოძიება. მათ შორის, ორი ადამიანი დაკავებულია საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით.