არჩევნების გაყალბების საქმეზე ლონდა თოლორაია და ნათია მეზვრიშვილი გამოჰკითხეს

ნათია მეზვრიშვილი (მარცხნივ) და ლონდა თოლორაია

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურამ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხა კოალიცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია და პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.

„პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს, ცესკოს თხოვნით, არჩევნების არგაყალბების საქმეს. მივაწოდე მათ ინფორმაცია, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს, რა სქემით მუშაობდა... ნების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების გაყალბების დანახვა არის თვალსაჩინო“, - თქვა ლონდა თოლორაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ კოალიციას არჩევნების გაყალბების მტკიცებულებად აქვს ფოტო- და ვიდეომასალები, დამკვირვებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ასევე ის საჩივრები, რომლებიც დაწერეს.

„ეს ადამიანები ეცდებიან ინდივიდუალური ფაქტები გამოიძიონ და არ შეხედონ ერთიან სურათს. დღეს დეტალურად ვისაუბრე, როგორ გაყალბდა არჩევნები არჩევნებამდე და შემდეგ რა მოხდა 26 ოქტომბერს“, - უთხრა ჟურნალისტებს გამოკითხვის დასრულების შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.