თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია იმართება

აქცია სააპელაციო სასამართლოსთან

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სააპელაციო სარჩელების განხილვა. სასამართლოს ეზოში შესასვლელ ჭიშკართან დილიდან პოლიციაა მობილიზებული - მოქალაქეებს, რომელთა საქმეც არ განიხილება, შიგნით არ უშვებენ.

სააპელაციო საჩივრების განხილვის დროს სასამართლოსთან შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სახელისუფლებო პარტიამ საპარლამენტო არჩევნები გაყალბების შედეგად მოიგო.

მამუკა ხაზარაძე და თინა ბოკუჩავა სააპელაციო სასამართლოსთან

ნიკა მელია სააპელაციო სასამართლოსთან

სააპელაციო სასამართლო დღეს ორ ნაწილად გაერთიანებულ საქმეებს განიხილავს:

  • „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, რომლებიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით, ანუ ელექტრონული სისტემით ჩატარდა;
  • „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნების“, „ჩემი ხმისა“ და სხვა ორგანიზაციების გაერთიანებული სარჩელი.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი და ოპოზიციონერი ლიდერებიც.