ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადააყენა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი

ბენიამინ ნეთანიაჰუ (მარცხნივ) და იოავ გალანტი. მიცპე-რამონი, ისრაელი. 31 ოქტომბერი, 2024.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და განმარტა, რომ მის მიმართ ნდობა დაკარგა. ამის შესახებ ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

გალანტის ნაცვლად სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა დაევალა საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცს. საგარეო საქმეთა სამინისტროს კი მთავრობის წევრი გიდეონ საარი უხელმძღვანელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში იყო ნდობა და მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, ბოლო თვეებში ეს ნდობა ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის, სამწუხაროდ, შეირყა“, - ხაზგასმით აღნიშნა ნეთანიაჰუმ გადადგომის კომენტირებისას. მან ასევე განაცხადა, რომ გალანტი იღებდა გადაწყვეტილებებს და აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა მთელი მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებებს. ნეთანიაჰუ ირწმუნება, რომ ის ცდილობდა აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრას, მაგრამ ის სულ უფრო „ფართოვდებოდა“ და შედეგად, პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელის მტრებმა „დიდი სარგებელი მიიღეს“ სიტუაციიდან.

სამშაბათს კომენტარი გააკეთა იოავ გალანტმაც. „ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოება ყოველთვის იყო და იქნება ჩემი ცხოვრების საქმე“, - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ნეთანიაჰუ და გალანტი, ორივე მემარჯვენე ლიკუდის პარტიიდან, რამდენიმე თვის განმავლობაში კამათობენ ღაზის სექტორში პალესტინური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის არმიის ოპერაციის შემდგომი მიზნების შესახებ (ჰამასი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).

ასევე ნახეთ ისრაელის დამანგრეველი ომი ღაზაში - რიცხვები და სტატისტიკა

ღაზის სამხედრო ოპერაცია დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჯიჰადისტების თავდასხმის შემდეგ, როდესაც, ისრაელის მონაცემებით, 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს და ღაზაში გადაიყვანეს.

ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებული სამხედრო ოპერაციის 13 თვის განმავლობაში, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, სექტორში დაიღუპა 43 ათასზე მეტი პალესტინელი - ძირითადად ქალები და ბავშვები.

ნეთანიაჰუსა და გალანტს შორის არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ სამხედროები დიდი ხანია მომხრე არიან საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ჰამასის ხელში დარჩენილი მძევლების სახლში დაბრუნებისა. ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ჰამასი განადგურდება როგორც მმართველი ორგანიზაცია და შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში.