ახალი არჩევნების მოთხოვნით, „გირჩი“ 9 ნოემბერს აქციის გამართვას გეგმავს

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.

პოლიტიკური პარტია „გირჩი“, რომელმაც ცესკოს წინასწარი ოფიციალური შედეგებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, დემონსტრაციის გამართვას აპირებს.

„ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთ კვირიანი ვადა. დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები“, - აცხადებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია.

„გირჩი“ აქციის ჩატარებას თბილისში, პარლამენტის წინ 9 ნოემბერს, 19:00-ზე აპირებს. რამდენიმე დღის წინ კი პარტიამ სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა:

  1. „უნდა ჩამოყალიბდეს ერთადერთი მოთხოვნა - „ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები“. მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთი კვირა;
  2. ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად დაიწყოს მართლა დიდი მიტინგის დაორგანიზება, მაგალითად, შაბათს;
  3. პარალელურად დასავლელ პარტნიორებთან შედგეს მოლაპარაკება, რომ თუ მიტინგის მეშვეობით გამოხატული ხალხის პოზიცია ცალსახა იქნება, ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს;
  4. საჯაროდ უნდა დაითქვას მიტინგზე მოსული ხალხის რაოდენობის დადგენის თვალნათელი ხერხი, რათა უკვე მიტინგის დროს ხალხმა იცოდეს რამდენი ვართ (გაზვიადებების გარეშე, რაც სჩვევია ხოლმე ორგანიზატორებს). მაგალითად, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე დაახლოებით 100-120 ათასი ადამიანი ეტევა;
  5. თუ ორივე პირობა - აქამდე არნახული მასშტაბის მიტინგი და პარტნიორების მხარდაჭერა ერთდროულად შესრულდება, ხალხი მიიღებს ხელისუფლების ცვლილების კიდევ ერთ შესაძლებლობას ან ახალი არჩევნებით, ან რევოლუციით“.

„გირჩი“ მიიჩნევს, რომ ყველა სხვა გეგმა, მათ შორის, „კარვები, წრეში-ბურთის თამაში, კონცერტები და სეირნობები, არის ფეიქ-რევოლუციის სცენარი, რომლის მიზანი - აპათიისა და ნიჰილიზმის გაღვივება, ხალხის დაღლა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენაა“.

ცესკოს წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, „გირჩმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 2.996% (62 223 ხმა) მიიღო.

პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვა ბარიერგადალახული პარტიების ხმები კი ასე გადანაწილდა:

  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციებს მართავენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცეს უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქეთის და ირანის პირველმა პირებმა. არჩევნების შემდეგ საქართველოში მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმყოფებოდა.

ევროპის სხვა ქვეყნები და აშშ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობას დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ და „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების მილოცვისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.