ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების შესახებ იუწყება დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი. მათი ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ დირბში მცხოვრები ხაჯარატ ახვლედიანი 28 თებერვალს ქარელის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ დააკავეს, გორელი გიორგი რომელაშვილი კი - 8 ივნისს ცხინვალის მიმდებარედ. მათ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში დასდეს ბრალი.
ე.წ. კგბ-ს ცნობით, 5 ნოემბერს სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ ახვლედიანი და რომელაშვილი გაათავისუფლეს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.
განახლება
უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე საკითხზე მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუსის ცნობით, ახვლედიანი და რომელაშვილი უკვე იმყოფებიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს“, - ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობაში.
როგორც სუსი აღნიშნავს, საკითხი საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ მწვავედ დააყენა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება.