ევროკავშირი და სეული გმობენ ჩრდილოეთი კორეის მონაწილეობას უკრაინის ომში

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი და სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩო ტჰე იოლი, სეული, 2024 წლის 4 ნოემბერი

ევროკავშირმა და სამხრეთ კორეამ "ყველაზე მკაცრად" დაგმეს ჩრდილოეთი კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გაგზავნა და საგანგებო ძალების დისლოცირება კრემლის დასახმარებლად, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ "აგრესიის უკანონო ომში".

განცხადება მოჰყვა ბლოკის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩო ტჰე იოლის შეხვედრას სეულში, 4 ნოემბერს - იმ ფონზე, როცა იზრდება შეშფოთება ფხენიანის როლის შესახებ მოსკოვის მხრიდან უკრაინაში 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეჭრით დაწყებულ ომში.

"ეს წარმოადგენს საერთაშორისო კანონის, მათ შორის გაეროს ქარტიის სერიოზულ დარღვევას" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის თანამშრომლობა არის "არა მხოლოდ ღია დარღვევა UNSC-ის მრავალი რეზოლუციისა, არამედ ის ახანგრძლივებს უკრაინელი ხალხის ტანჯვას და საფრთხეს უქმნის მსოფლიოს უშიშროებას, მათ შორის კორეის რესპუბლიკაში და ევროპაში" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ასევე ნახეთ აშშ: კურსკში მყოფი ჩრდილოეთ კორეის 8000 სამხედრო მზადაა ბრძოლისთვის