WP: ევროკავშირი ემზადება ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის მიმართ აშშ-ის კურსის შეცვლისთვის

დონალდ ტრამპი. ლას-ვეგასი, 14 სექტემბერი, 2024.

ევროპაში ვაშინგტონის უახლოესი მოკავშირეები ემზადებიან შეერთებულ შტატებთან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტისთვის, თუ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება 15 წყაროზე დაყრდნობით ევროპის ხუთი ქვეყნის პოლიტიკოსებს, დიპლომატებსა და ანალიტიკოსებს შორის.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ევროპაში პოლიტიკოსები მსჯელობენ ზომებზე ტრამპისგან უსაფრთხოების შეთანხმებების დასაცავად, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით.

„ვაშინგტონ პოსტი“, კერძოდ, წერს ევროპელი ოფიციალური პირების მცდელობებზე, აშშ-ის არჩევნებამდე წაწიონ წინ კიევის სამხედრო დახმარება. გარდა ამისა, ნატოს ახალმა ხელმძღვანელობამ იკისრა პენტაგონის ზოგიერთი ამოცანა უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინაციაში, აღნიშნავს გაზეთი.

გარდა ამისა, ევროკავშირმა სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ ყველაზე მაღალ დონემდე აიყვანა. მაგრამ, ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის თავდაცვის მხარდაჭერის შესაძლო დაკარგვა ევროკავშირს სერიოზულად დაარტყამს.

ასევე ნახეთ ჰარისი ან ტრამპი: რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის?

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უნარი შესწევს, 24 საათში დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეაჩერებს კიევისთვის ფულის გადახდას. ამასთან, ტრამპმა ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინის დახმარების ხარჯები შეერთებული შტატებისას გაუთანაბრონ.

The Washington Post-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ მიიმხრონ ტრამპი, თუკი ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

გაზეთი ასევე იხსენებს, რომ თავისი პრეზიდენტობის დროს ტრამპმა გადასახადები შემოიღო ევროკავშირიდან შეერთებულ შტატებში ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსმა გამოაცხადა, რომ დაგეგმილი აქვს დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

ამის საპასუხოდ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა შეიმუშავეს ტრამპთან მოლაპარაკებების სტრატეგიები, თუ ის დაამარცხებს დემოკრატ კამალა ჰარისს. კერძოდ, ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ შეძლებენ, ტრამპს შესთავაზონ თანამშრომლობა ჩინეთთან ვაჭრობის წინააღმდეგ, ასევე შესთავაზონ აშშ-ის იმპორტის გაზრდა ევროპაში.