მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ფარგლებში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ნაღმების შესახებ სიგნალები გავრცელდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის იბრძვიან ამჟამინდელი პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც პრორუსული სოციალისტური პარტია უჭერს მხარს.
კიშინიოვში აღნიშნეს, რომ სამიზნე იყო საარჩევნო უბნები ფრანკფურტში (გერმანიაში), ასევე უბნები ლივერპულსა და ნორთჰემპტონში (დიდი ბრიტანეთი).
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნები გაფრთხილებული იყვნენ ასეთი სიგნალების შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ გერმანიასა და ბრიტანეთში სპეციალიზებული სამსახურები ჩაერივნენ „განგაშის პროტოკოლების“ შესაბამისად და ჩაატარეს შემოწმება და დაადგინეს, რომ განგაში ყალბი იყო.
Reuters-მა ადრე მოლდოვის მთავრობის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ კიშინიოვმა აცნობა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას რუსეთის შესაძლო მცდელობების შესახებ, ხელი შეუშალოს მოლდოვის მოქალაქეების მიერ ხმის მიცემას საარჩევნო უბნებზე საზღვარგარეთ.
Reuters-ის წყაროს თქმით, საარჩევნო უბნები იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, კანადაში, რუმინეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში შესაძლოა იყოს მოსკოვის სამიზნე ხმის მიცემის პროცესის ჩაშლის მიზნით, მათ შორის ბომბის შესახებ ყალბი შეტყობინებების საშუალებით. „მიზანია ევაკუაციისა და პოლიციის შემოწმების დროს ხმის მიცემის პროცესის შეფერხება. ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოყენებულ იქნეს პროცედურები და პროტოკოლები, რომლებიც არ შეაფერხებს ხმის მიცემის პროცესს“, მოწმობს მიმოწერა, რომელსაც Reuters-ი გაეცნო.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის საელჩოს ვაშინგტონში ჯერ არ უპასუხია ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ თხოვნაზე კომენტარის შესახებ. მანამდე მოსკოვმა არაერთხელ უარყო ბრალდებები მოლდოვის საქმეებში ჩარევის თაობაზე.
არჩევნების მეორე ტურის დღეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოლდოვის ამჟამინდელი პრეზიდენტის მრჩეველმა, სტანისლავ სეკრიერუმ გამოაცხადა ხმის მიცემის პროცესში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ჩარევის შესახებ. „ეს არის არჩევნების შედეგების დამახინჯების პოტენციური მცდელობა“, - წერს სეკრიერუ პლატფორმა X-ზე.
მოლდოვის პოლიციამ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ამომრჩეველთა ორგანიზებული გადაყვანის თაობაზე ეჭვის საფუძველი როგორც თავად მოლდოვის ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, ხელისუფლება იძიებს მოლდოველების საჰაერო ტრანსპორტირებას რუსეთიდან ბელარუსის, აზერბაიჯანისა და თურქეთის საარჩევნო უბნებზე, იუწყება რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური.
პოლიცია იტყობინება ასევე არაღიარებული დნესტრისპირეთის ქალაქ რიბნიცასა და მოლდოვის ქალაქ რეზინას შორის ხიდზე მოძრაობის იძულებითი შეჩერების შესახებ, მათ შორის საეჭვო პირის შემოწმების გამო, ასევე ნაღმების შესახებ ანონიმური სატელეფონო ზარების მიზეზით.
მოლდოვის ხელისუფლებამ ასევე კვირას, დღის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ დაფიქსირდა დარღვევების ათობით შემთხვევა, მათ შორის ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება საარჩევნო უბნებზე, უკანონო აგიტაცია და ბიულეტენების გადაღება.
მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნა, რომ მეორე ტურის დღეს, საარჩევნო ორგანოს ვებსაიტზე განხორციელდა რამდენიმე DDoS კიბერშეტევა, რამაც შეანელა საარჩევნო უბნებზე დასწრების რეგისტრაციის პროგრამის მუშაობა.
სამართალდამცავებმა მიიღეს ზომები, რათა თავიდან აეცილებინათ იმის გამეორება, რაც, ხელისუფლების მტკიცებით, იყო ხმების მოსყიდვის ფართომასშტაბიანი სქემა, რომელსაც პირველ ტურში მიმართა ოლიგარქმა ილან შორმა. ხელისუფლება მიუთითებს, რომ შორს მხარს უჭერს მოსკოვი და თავად ის რუსეთში ემალება მოლდოვის მართლმსაჯულებას. გასული წლის აპრილში კიშინიოვის სასამართლომ შორს დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.
მაია სანდუ აცხადებს, რომ ჩარევამ გავლენა მოახდინა 20 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე. მისი თქმით, შორი ცდილობდა 300 ათასი ადამიანის, ანუ მოლდოვის მოსახლეობის 10%-ზე მეტის ხმების ყიდვას. კრემლმა უარყო ყოველგვარი ბრალდება ქვეყნის არჩევნებში ჩარევის შესახებ.
შორის პარტია მოლდოვის რესპუბლიკაში აიკრძალა მთავრობის მოთხოვნით, რომელმაც ეს სტრუქტურა და მისი პოლიტიკოსები დაადანაშაულა ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე.
ასევე ნახეთ ორი კანდიდატი, რომლებიც მოლდოვის პრეზიდენტობისთვის იბრძვიან