ესპანეთის მეფეს ტალახი დაუშინეს წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონში

ესპანეთის მეფე ფილიპე VI (ცენტრში, ქოლგის ქვეშ) ესტუმრა წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტას. 3 ნოემბერი, 2024.

განრისხებულმა ხალხმა ტალახი ესროლა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდა მას, როცა მონარქი კვირას ეწვია ვალენსიის რეგიონში მდებარე ქალაქ პაიპორტას. ქალაქი ყველაზე მეტად დაზარალდა ბოლოდროინდელი დამანგრეველი წყალდიდობით.

„მკვლელო“, - უყვიროდა ხალხი ესპანეთის მეფეს. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალაქში მისულ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. გაისმოდა კითხვები იმაზე, თუ რატომ არ გამოჩნდნენ ისინი უფრო ადრე. რაღაც მომენტში ხალხის გასაკონტროლებლად საქმეში ჩარევა მოუწია პოლიციას, რომელმაც ცხენები გამოიყენა.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ასევე ჩანან დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ფილიპე VI-ს ქოლგებით იცავენ. პაიპორტის ფოტოებზე ტალახი ჩანს ასევე დედოფალ ლეტისიას სახეზე.

მოგვიანებით ადგილობრივმა წყაროებმა განაცხადეს, რომ მეფემ და მისმა მეუღლემ შეწყვიტეს ვიზიტი სხვა დაზარალებულ ქალაქში, ჩივაში, რომლის ქუჩები გადაკეტილი იყო მათი მოგზაურობის განმავლობაში.

უახლესი ოფიციალური მონაცემებით, ამ კვირაში კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულ სტიქიურ უბედურებას 210-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმეტესობა დაიღუპა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ვალენსიის ავტონომიურ თემში. ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ათასობით ადგილობრივმა მოსახლემ დაკარგა სახლები და სხვა ქონება. ხიდები წყლის ნაკადმა დაანგრია, რამდენიმე ქალაქის ქუჩები ტალახით დაიტბორა. ზოგიერთი დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის, წყლისა და საკვების გარეშე დარჩა.

მოსახლეობა აკრიტიკებს ხელისუფლებას დაზარალებულთა გადარჩენისა და დახმარების გაჭიანურების გამო, ასევე იმისთვის, რომ, როგორც ამტკიცებენ, არ არსებობდა დროული წინასწარი შეტყობინება.