„რუსეთის არმია ახორციელებს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსთან, კარელ ჟეგკასთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა:
„ჩემს ჩეხ კოლეგებს ვაცნობე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ, რომელიც კვლავაც მძიმეა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც გარკვეული მიმართულებებით გრძელდება, მოითხოვს უკრაინული დანაყოფების რესურსების მუდმივ განახლებას. ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ“.
რუსეთის არმიის შეტევა, რომლის შესახებაც გენერალი სირსკი ლაპარაკობს, დაიწყო 2023 წლის ოქტომბერში, რის შემდეგაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს ისეთი მნიშვნელოვანი დასახლებები, როგორებიცაა ავდეევკა და უგლედარი. ამ დროისთვის რუსეთის ჯარებმა ასევე მიაღწიეს დონეცკის ოლქის ტორეცკისა და ჩასოვ-იარის გარეუბნებს, დაიპყრეს სელიდოვო.
ასევე ნახეთ ვინ არის გენერალი სირსკი - მეტსახელად ყასაბი?აშშ-ის სამხედრო და დაზვერვის წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გამოვიდა ჩიხიდან, რადგან რუსეთის ჯარი განაგრძობს წინსვლას, - ამის შესახებ წერს The New York Times-ი თავის პუბლიკაციაში, რომლის მიხედვითაც, ვარაუდი, რომ უახლოეს თვეებში რუსეთი ვერ მიაღწევდა მნიშვნელოვან წარმატებას უკრაინაში, რადგან „ცუდად გაწვრთნილ ჯარებს უჭირდათ უკრაინის თავდაცვის გარღვევა“, მცდარი აღმოჩნდა - რუსულმა ჯარებმა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწიეს აღმოსავლეთ უკრაინაში, არამედ დაიბრუნეს უკრაინის არმიის მიერ კურსკის რეგიონში დაკავებული ტერიტორიის მესამედზე მეტი. გარდა ამისა, რუსეთმა გაზარდა უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული უპილოტო თვითმფრინავების რაოდენობა 350-დან (ივლისი) 750-მდე (აგვისტო) და 1500-მდე (სექტემბერი).
უკრაინა მუდმივად სთხოვს დასავლეთის ქვეყნებს იარაღის მიწოდებას, მაგრამ, ამერიკელი სამხედროების თვალსაზრისით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის ნაკლებობა აღარ არის მთავარი პრობლემა. აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინამ მკვეთრად შეამცირა ჩამორჩენა არტილერიაში და გაზარდა უპილოტო თვითმფრინავების საშუალებით რუსულ ჯავშანტექნიკაზე იერიშების რაოდენობა. გამოცემის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ჯარისკაცების ნაკლებობაა.
გამოცემის ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, უკრაინას ჰყავს საკმარისი ჯარისკაცი, რომ იბრძოლოს კიდევ ექვსი თვიდან ერთ წლამდე, რის შემდეგაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტი შეექმნება. პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს ახალშექმნილი ბრიგადები კურსკის ოლქში შეტევისთვის, ნაცვლად იმისა, რომ გამოეყენებინათ ისინი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ან 2025 წელს კონტრშეტევისთვის რეზერვების შესაქმნელად.
დასავლელი ოფიციალური პირები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთიც ასევე განიცდის ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის მწვავე დეფიციტს. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაამატეს, რომ თუ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მომავალ ზაფხულამდე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა მიეცემათ, ისარგებლონ იმით, რომ რუსეთს არ ჰყოფნის აღჭურვილობა და ჯარისკაცები.