რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე აღიარებს ბრალს რუსეთისთვის იარაღის უკანონო მიწოდების შესახებ

გასაგზავნად გამზადებული არალეგალური იარაღი - ფოტო არქივიდან

რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე ვადიმ ერმოლენკო აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ბრალს რუსეთისთვის იარაღის უკანონო მიწოდების შესახებ. ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ბრალდებულმა აღიარა, რომ ის თამაშობდა ცენტრალური ფიგურის როლს კონტრაბანდულ სქემაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან ერთად, რაც გულისხმობდა სნაიპერული შაშხანებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა და აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის კონტრაბანდას“, - ნათქვამია აშშ-ის გენერალური პროკურორის მერიკა ჰარლანდის განცხადებაში.

უწყება ირწმუნება, რომ ერმოლენკომ და მისმა თანამზრახველებმა შეიძინეს და რუსეთში გააგზავნეს შეიარაღება და ორმაგი დანიშნულების, მაღალი მგრძნობელობის მქონე ელექტრომოწყობილობები, რომლებიც „შესაძლოა გამოყენებული იყოს ბირთვული და ჰიპერბგერითი იარაღის შესაქმნელად“ და ასევე კვანტური გამოთვლებისთვის.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი, კრისტოფერ რეი აცხადებს, რომ „მოწინააღმდეგის ხელში“ ამ ტექნოლოგიებს „შეუძლიათ სერიოზული საფრთხე შეუქმნან აშშ-ის უსაფრთხოებას“.

43 წლის ვადიმ ერმოლენკომ აღიარა სხვა ბრალდებებიც - საბანკო თაღლითობა და ფულის გათეთრება.